ქარვასლას ივენთ ჰოლი ახალი კონცეფციით გაიხსნა

15 დეკემბერს ქარვასლას ისტორიულმა ივენთ ჰოლმა ძალიან საინტერესო პროექტს – „ვინთერ ვანდერლენდს“ უმასპინძლა. მულტიფუნქციური ცენტრის – „სექრეთ გარდენის“ მთავარ მიზანს საზოგადოებაში ეკო მდგრადი მიმართულებით ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. სწორედ ამ ჭრილში, დიზაინერებს, მეწარმეებს წარმოდგენილი ჰქონდათ საკუთარი, ეკომეგობრული, ხელნაკეთი ნამუშევრები.
ფოტოხელოვან გოგა ჩანადირის შეფასებით, აღნიშნული პროექტი მისთვის ორი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი – პირველი, რომ გარემოზე ზრუნვაზეა ორიენტირებული და ეკო მდგრადი მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
„მეორე – ქართველ დიზაინერებს ეძლევათ საშუალება, უფრო ფართოდ წარდგნენ საზოგადოების წინაშე. ამ პროექტის საშუალებით, რამდენიმე დღის წინ ქართველმა მომხმარებელმა, და არამხოლოდ ქართველმა, არაერთი შემოქმედის ნამუშევრები გაიცნო. ხშირად მესმოდა, რომ ქართველები არ ქმნიან ხელნაკეთ პროდუქციას, თუმცა, ეს ასე არ არის. უბრალოდ, მეწარმეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, გამოეფინათ ისინი. ასე რომ, როგორც აღვნიშნე, სივრცე ორ იდეას აერთიანებს. ჩემთვის ორივე საინტერესო და მისაღებია, ორივე ხედვით, მხარს ვუჭერ პროექტს და ვიმედოვნებ, უფრო და უფრო პოპულარული გახდება იდეა – რომ შევიძინოთ ქართული და ეკომეგობრული“, – აცხადებს გოგა ჩანადირი.
როგორც მომღერალი, სალომე კორკოტაშვილი აღნიშნავს, ადგილზე მისულს, ძალიან სასიამოვნო და შემოქმედებითი გარემო დახვდა. ის ხაზს უსვამს, რომ წარმოდგენილ ნამუშევრებს ძალიან მისაღები ფასები აქვს.
„წარმოდგენილი პროდუქცია ძალიან საინტერესო და განსხვავებულია. ვფიქრობ, დღეს ასეთი გარემო თბილისში ძალიან იშვიათია. ვიყავი მეგობრებთან ერთად და დრო ძალიან საინტერესოდ, ნაყოფიერად გავატარეთ. ჩვენ კიდევ ვაპირებთ სტუმრობას. ძალიან მოხარული ვარ ამ პროექტის გამო და მთელს გუნდს ვუსურვებ წარმატებებს. გარდა ამისა, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ფასები არის ძალიან ხელმისაწვდომი. ვისაც აქვს სურვილი, შეიძინოს ლამაზი ნივთები, ეს სივრცე მისთვისაა“, – ამბობს სალომე.
მოდელ ნათია შელეგიას თქმით, განსაკუთრებით, ღია სივრცე მოეწონა. გარდა ამისა, როგორც ის აფასებს, გარემო იყო ძალიან ლამაზი, წარმოდგენილი ნამუშევრები კი – საინტერესო.
„ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, თუკი სხვა არაერთი მეწარმის ნამუშევრები დაემატება, რადგან არსებული სივრცე ამის შესაძლებლობას იძლევა. თვითონ პროექტის კონცეფცია საზოგადოებისთვის ძალიან მისაღებია, რაც პრეზენტაციის დღესაც იყო თვალსაჩინო. ქარვასლა ამდენი ხნის მანძილზე იყო აუთვისებელი, ახლა კი ძალიან საინტერესო დატვირთვა აქვს მას. სურვილი მაქვს, ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგოს მისი ამჟამინდელი მნიშვნელობის შესახებ. საზოგადოების ინტერესი ხელნაკეთი, ეკომეგობრული ნამუშევრების მიმართ მზარდია, იქნება ეს ტურისტი თუ ადგილობრივი. მეწარმეები დღეს ონლაინ რეალიზებას ანიჭებენ უპირატესობას, ამიტომ ვფიქრობ, მსგავსი ტიპის შეხვედრები, გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ხელოვანმა ადამიანებმა მომხმარებლებს საკუთარი ნამუშევრები წარუდგინონ“, – აღნიშნავს ნათია.
როგორც ტელეწამყვანი, ნინო თოლორდავა აღნიშნავს, პროექტის პრეზენტაციისას, მეწარმეებს მიეცათ შესაძლებლობა, გამოეფინათ საკუთარი ნამუშევრები და გაეცნოთ ის საზოგადოებისთვის. ნინოს თქმით, მან პირადად შეიძინა რამდენიმე ნივთი, ფასები კი ძალიან მისაღებია მომხმარებლისთვის.
„მიმაჩნია, რომ ეკომდგრადი მიმართულებით საზოგადოების ცნობიერება საქართველოში ასამაღლებელია. საჭიროა მუშაობა, რათა ადამიანებმა სწორად გაიგონ, რას ნიშნავს ეკომეგობრული პროდუქციის შექმნა. მე პირადად, როდესაც არჩევანის გაკეთება მიწევს, ყოველთვის ვანიჭებ უპირატესობას ეკომეგობრულს. ამ შემთხვევაშიც, მეწარმეებმა ძალიან საინტერესო სივრცეში შემოგვთავაზეს საკუთარი ხელით დამზადებული ნაწარმი. უნდა აღვნიშნო, რომ არჩევანი არის ძალიან დიდი, ფასები – მისაღები. მე შევიძინე რამდენიმე ნამუშევარი და ძალიან კმაყოფილი ვარ ამის გამო. თითოეული ნამუშევარი არის სრულიად ექსკლუზიური“, – ამბობს ნინო.
როგორც მომღერალი, აჩი მეფარიძე ამბობს, ეკომეგობრული ნამუშევრების შექმნა ძალიან სწორი მიმართულებაა ჩვენს ყოველდღიურობაში.
„რა ნამუშევრებიც მე ვნახე ქარვასლაში და შევეხე მათ, პროექტის წარდგენისას, იქნებოდა ეს ქსოვილი თუ სხვადასხვა ნედლეული, იყო სრულიად საოცარი. ისინი ასევე საყურადღებო იქნება დიზაინერებისთვის. ჩემი აზრით, თუკი ამ სივრცეში სხვა, კიდევ ძალიან ბევრი, გამორჩეული დიზაინის ტანსაცმელი იქნება წარმოდგენილი, მიიქცევს როგორც ადგილობრივის, ისე – ტურისტის ყურადღებას. ეს თემა საინტერესო უნდა იყოს კულტურის სამინისტროსთვის, მერიისთვის. უშუალოდ ქარვასლას შესახებაც რომ გავუსვა ხაზი – ის არის ძალიან გამორჩეული და ერთადერთი სივრცე. თბილისში არ არის გარემო, რომელშიც თავმოყრილი იქნება ნამუშევრები იმ ადამიანებისთვის, რომელთაც უყვართ ტანსაცმელი, აქსესუარები და სხვა“, – ამბობს აჩი მეფარიძე.
აღსანიშნავია, რომ ერთი თვის მანძილზე მიმდინარე პროექტი საზოგადოებას არაერთ სიურპრიზს შესთავაზებს.