ქარელის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებული არ არის ადგილობრივი მკვიდრი და ის ტახტისძირში დასავლეთ საქართველოდან იყო ჩასული.
სუსის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – აღნიშნულია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამჟამად ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში