საქართველოს პროკურატურამ ქალზე ძალადობისთვის ბრალი წაუყენა მომღერალ კაბუს – კახა აბუაშვილს. იგი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა ბრალდებული.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას, კ.ა.-მ მასთან ერთად მყოფ ქალს – თ.ა.-ს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ასევე, ხელი რამდენჯერმე გაარტყა…
ბრალდებული დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებით და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ქალმა მანქანით გადაადგილებისას თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, შენიშნა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა და პოლიციელებს დახმარება სთხოვა:
“პოლიციელებმა ბრალდებულის მისამართით განახორციელეს დევნა, შეაჩერეს ავტომანქანა და დაზარალებულის მითითებით, კ.ა. ადგილზე დააკავეს”.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, კაბუ მანქანაში ინახავდა “პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, საერთო წონით – 1,28 გრამს”.
კახა აბუაშვილს ბრალი წაუყენეს:
· სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) – 2 წლამდე პატიმრობა;
· 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) – 1 წლამდე პატიმრობა;
· 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) – 6 წლამდე პატიმრობა.
პროკურატურა სასამართლოს კაბუსთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას სთხოვს.
კაბუს დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 26 ნოემბერს, გავრცელდა.