დღეს, 3 ნოემბერს, ქალმა პოლიტიკოსებმა ანასტასია ზინოვკინასთან დაკავშირებით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს განცხადებით მიმართეს.
ისინი პენიტენციურ სამსახურს სთხოვენ, რომ ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის სრულყოფილი გამოკვლევა ჩაუტარდეს.
„მოგმართავთ პატიმრობაში მყოფ ქალთან, ანასტასია ზინოვკინასთან დაკავშირებით. მოვითხოვთ ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის სრულყოფილი გამოკვლევა ჩაუტარდეს მრავალპროფილურ კლინიკაში და გაეწიოს შესაბამისი მკურნალობა კვალიფიციური სპეციალისტების მიერ; ასევე მოვითხოვთ #5 პენიტენციურ დაწესებულებაში მისდამი განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან, პატივისა და ღირსების შემლახველ ფაქტებთან დაკავშირებით ოპერატიულად ჩატარდეს მოკვლევა და მოხდეს შესაბამისი რეაგირება. შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საზოგადოებას“,- ნათქვამია განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ რუსმა პოლიტპატიმარმა ანასტასია ზინოვკინამ, რომელიც რუსთავის #5 ციხეში იმყოფება, თავის ნაცნობთან (ალიონა ზაიცევა) დარეკა და უთხრა, რომ მას გუშინ საკანში აგდებულად მოეპყრნენ.
ალიონა ზაიცევას ცნობით, ანასტია ზინოვკინას ზურგის სერიოზული პრობლემები აქვს, მას რეგულარულად აძლევენ ტკივილგამაყუჩებლებს, მაგრამ არ მკურნალობენ. მისივე ინფორმაციით, ანასტასია ზინოვკინას არ აძლევენ არც ორთოპედიულ მატრასს და არც ბალიშს.
სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ ზინოვკინას მიერ წარმოდგენილი საჩივრების შესაბამისად, სხვადასხვა დროს მიმართა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, პენიტენციურ სამსახურს.
მათივე განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი ზინოვკინას სამედიცინო მომსახურების საკითხს სწავლობს და ამ მიზნით რამდენჯერმე გამოითხოვა სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები, რაც შესწავლილი იქნა აპარატში დასაქმებული ექიმის მიერ.
ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, სახალხო დამცველი აგრძელებს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგს აპარატში დასაქმებული, მაღალკვალიფიციური ექიმის ჩართულობით.




