სამოქალაქო აქტივისტი დარეჯან ცხვიტარია, რომელიც პროტესტის ფარგლებში წელიწადზე მეტია პარლამენტის წინ ათენებს ღამეს, ამბობს, რომ პოლიციელებმა ისევ წაიღეს მისი პირადი ნივთები. ამჯერად, საუბარია ტანსაცმელზე, მედიკამენტებსა და სხვა ნივთებზე.როგორც ცხვიტარიამ ნეტგაზეთს უთხრა, წუხელ რამდენიმე წუთით დატოვა ტერიტორია და როცა დაბრუნდა, პირადი ნივთები აღარ დახვდა. მან 112-საც შეატყობინა, თუმცა, ამბობს, რომ არავინ დაჰკავშირებია.“ტანსაცმელი და რაღაც საჭმელი მქონდა. წამლებიც მქონდა, რომელიც აუცილებლად მჭირდება და ახლა საყიდელი ფულიც აღარ მაქვს უკვე. ყველა წამალი წაიღეს. მედიკამენტი გუშინ შევიძინე, გუშინწინაც და იმის წინაც – ყოველდღე ვყიდულობდი, იმიტომ რომ აქ სიცივის გამო ჰერპესი გამომივიდა ყელთან და ყურის არეში და აუცილებლად დღეში ხუთჯერ მაქვს დასალევი ოთხ-ოთხი აბი. ძვირიანი წამალია. ყველა წაიღეს.ხედავთ როგორ მებრძვიან? მთელი ძალოვანი სისტემა მებრძვის მე, ერთ ქალს – არ მაყენებენ და არ მაჩერებენ. ჩემი ნაყიდი და ჩემი ნაოფლარი მიაქვთ და ანიავებენ. არ ვიცი, სად მიაქვთ. მაგათ ჰგონიათ, რომ ამით კუთხეში მიმაყენებენ, მაგრამ მე ძალიან ძლიერი ვარ. უკან დამხევი არ ვარ, ნამდვილად. ყველაფერს კადრულობენ, მაგრამ ჩემთვის ჩემი სამშობლო და ჩემი სინდისი და ჩემი ღირსება ყველაფერზე მაღლა დგას, ეს იცოდნენ”, – ამბობს ცხვიტარია.კარავი, რომელშიც წელიწადზე მეტია ღამეს ათენებს, პოლიციამ 12 მარტს, გამთენიისას წაიღო. როგორც უწყებაში განმარტეს, ღამე კარავში ცეცხლი გაჩნდა, რის გამოც ფაქტის შემსწრე პირები გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ადგილის დათვალიერებისას კი დაზიანებული კარავი ამოიღეს.“დამატებით უსაფრთხოების მიზნით მოხდა მიმდებარე პერიმეტრის გათავისუფლება”, – აცხადებდნენ მაშინ უწყებაში.ცხვიტარია ამბობს, რომ კარავში ცეცხლი განზრახ გააჩინეს, რათა გამოძიების საბაბით კარვები აეღოთ.“დილით რომ მოვიდნენ პოლიციელები, ზღვა ხალხი, მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო შეგნებულად გაკეთებული და ვუთხარი კიდევაც – თქვენ ეს შეგნებულად გააკეთეთ, სხვა მეთოდი ვერაფერი მოძებნეთ ამ კარვების ასაღებად და ახლა, მე მგონი, ამ კარვებსაც აიღებთ-მეთქი. არავინ არ მოკიდებს, ქალბატონო, ხელსო. 4 საათი ვიყავი პოლიციის განყოფილებაში. მოვედი და აღარ დამხვდა”, – ამბობდა ცხვიტარია 12 მარტს.ამის შემდეგ, აქტივისტებმა პარლამენტთან ორი ახალი კარავი მიიტანეს. თუმცა, ცხვიტარია ამბობს, რომ ისინიც იმავე საღამოს – 14 თებერვალს წაიღეს.“ოთხი დღის უძინარი ვიყავი. ჩამეძინა. ხმაური რომ გავიგე, უცებ გავიღვიძე, მაგრამ არ გამოვდიოდი სპეციალურად კარვიდან, იქნებ დატოვონ ეს ერთი მაინც-მეთქი, მაგრამ ნურას უკაცრავად. სპეციალურად მოვიდნენ, რომ მე გავეგდეთ აქედან, მაგრამ არ გამოუვიდათ. კარგი, წაიღეს კარვები და ვზივარ აგერ სიცივეში, ქარში და დავჯდები სანამ გავუძლებ. სანამ ცოცხალი ვარ აქედან არ ავდგები”, – ამბობს ცხვიტარია.ამავე თემაზე:



