ქალისა და მამაკაცის ანაზღაურებას შორის სხვაობა მსოფლიო ტენდენციაა, თუმცა საქართველოში ეს სხვაობა უფრო მაღალია – ლილი ბიბილაშვილი

ქალისა და მამაკაცის ანაზღაურებას შორის სხვაობა მსოფლიო ტენდენციაა, თუმცა საქართველოში ეს სხვაობა უფრო მაღალია – ლილი ბიბილაშვილი
საქართველოში ქალები მამაკაცებზე 33%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1769 ლარი იყო, მამაკაცების – 2655 ლარი. ცნობილია ისიც, რომ ხელფასის წლიურმა ზრდამ ქალების შემთხვევაში 179 ლარი, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში – 242 ლარი შეადგინა.
რატომ არის ასეთი სხვაობა ქალისა და მამაკაცის ხელფასში, რადიო „კომერსანტის“ ეთერში „HR პროფესიონალთა გილდიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლილი ბიბილაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ქალისა და მამაკაცის ანაზღაურების სხვაობა დამახასიათებელია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, პრაქტიკულად, მთელი მსოფლიოსთვის.
„ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი, არამედ, მსოფლიო ტენდენციაა, სადაც სამწუხაროდ, ქალები შედარებით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე – მამაკაცები. თუმცა, საქართველოში მცირე სხვაობა მაინც გვაქვს – თუკი სხვაგან შეიძლება ეს სხვაობა იყოს 15-25%, ჩვენთან სადღაც 18-30%-ამდე გვაქვს, ინდუსტრიების მიხედვით.
სპეციალისტების განმარტებით, ქალები საოჯახო საქმეებსა და ბავშვებთან ურთიერთობას 5-ჯერ უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე – მამაკაცები. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, ქალს აღარ რჩება დრო, ენერგია და სურვილი სათანადო კარიერაზე იზრუნოს.
არ უნდა დავივიწყოთ არც ფიზიოლოგია – ქალის ტვინის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ნახევარსფერო თანაბრად არის განვითარებული და შეუძლია, ერთი საქმიდან მეორეზე მარტივად გადაერთოს, რაც მამაკაცებს უჭირთ და მიმართულები არიან უფრო სწორხაზოვნად, უფრო ერთ საქმეს აკეთებენ. სწორედ ასე ხსნიან სპეციალისტები, რატომ არიან მამაკაცები შედარებით უფრო წარმატებულები“, – ამბობს ლილი ბიბილაშვილი.