ქალზე ძალადობაში ბრალდებულმა კახა აბუაშვილმა, იგივე კაბუმ, სასამართლოს მიერ შეფარდებული 10 000-ლარიანი გირაო სრულად გადაიხადა და საპატიმრო დატოვა.
“გირაოს თანხა შეტანილი იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე და კახა აბუაშვილმა დატოვა პენიტენციური დაწესებულება. არსებობს სასამართლო და სასამართლო იმსჯელებს, ეს ადამიანი მართალია თუ დამნაშავეა”. – თქვა კაბუს ადვოკატმა რუსთავი 2-ის ეთერში.
პროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას კაბუსთვის გირაოს შეფარდების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
პროკურატურის ცნობით, კაბუს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.