“ქალები ძალიან ძლიერები ვართ – ეს მამაკაცებმაც უნდა აღიარონ… დაუშვებელია 24 საათი სამზარეულოში იდგე, ხეხო, რეცხო…” – როგორია ელენე ფოჩხუას პირადი ცხოვრება, ოჯახი და კარიერა – Marao

“ქალები ძალიან ძლიერები ვართ – ეს მამაკაცებმაც უნდა აღიარონ… დაუშვებელია 24 საათი სამზარეულოში იდგე, ხეხო, რეცხო…” – როგორია ელენე ფოჩხუას პირადი ცხოვრება, ოჯახი და კარიერა – Marao
რატომ ვერ გადაწყვიტა ემიგრაციაში წასვლა ელენე ფოჩხუამ
ქართველი მსმენელი არაერთხელ მოხიბლულა ელენე ფოჩხუას თბილი, გულში ჩამწვდომი ხმით. მას შეუძლია ერთნაირი ოსტატობით შეასრულოს ქართული ხალხური სიმღერები და თანამედროვე კომპოზიტორების მიერ შექმნილი მუსიკა…
– უტკბილესი მეგრული ჰანგებით დავიწყოთ, რომელსაც ასე ოსტატურად ასრულებთ. რას ნიშნავს თქვენთვის ხალხური მუსიკა?
– ქართული ხალხური მუსიკა საოცრებაა, მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარს მეგრული სიმღერები – ყველა თავისებურად სევდიანი და ლამაზია. უკვე რამდენიმე მეგრული სიმღერა შევასრულე. ერთ-ერთი მათგანი კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილს ეკუთვნის, ეს სიმღერა ბატონმა ოთარმა ჩემთვის დაწერა, ის სამეგრელოს ეძღვნება და გამორჩეულად მიყვარს.
– როდის შეიყვარეთ ქართული მუსიკა და როგორ იქცა მომღერლობა თქვენს პროფესიად?
– დედა და მამიდა მუსიკოსები იყვნენ. ყოველთვის მუსიკალური ოჯახი გვქონდა. როცა ჩვენთან სუფრა და მოლხენა იყო, მამიდები, დედა, მამაჩემი – ყველა ერთად ვმღეროდით და ახლაც ასე ვართ. სამწუხაროდ, ჩემი ძმის დაღუპვის დღიდან ჩვენს ოჯახში ისეთი ლაღი, ხალისიანი სიმღერა აღარ ისმის, როგორიც ადრე ისმოდა, მაგრამ მუსიკა მაინც რჩება ჩვენი ჭირისა და ლხინის თანაზიარად.
რაც შეეხება პროფესიულ არჩევანს: ოჯახში ამ პროფესიას მარტო მე გავყევი – საესტრადო ვოკალს ვსწავლობდი ჯერ მუსიკალურ სასწავლებელში, მერე – პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც მარტო მუსიკას კი არა, მრავალ საინტერესო საგანს გვასწავლიდნენ.
– ვისაც თქვენი “აფრიკული იავნანა” მოუსმენია, ყველა აღიარებს, რომ მარტო ქართული კი არა, უცხოური ჰანგების შესრულებაც გეხერხებათ…
– ეს ულამაზესი სიმღერაა, რომელიც გამორჩეულად მიყვარს. “აფრიკული იავნანა” პირველად ირინა ებრალიძემ გვასწავლა და ჩემს მეგობრებთან ერთად, ოთხ ხმაში ვიმღერე, მერე “ჯეოსტარში” რომ ვმონაწილეობდი, მაყურებლის წინაშე წარვადგინე. სწორედ ასეთი, მელოდიური სიმღერები მიყვარს და ბედნიერებაა, რომ ჩვენი, ქართული სიმღერები სწორედ ასეთია. ბევრი კარგი კომპოზიტორი გვყავს, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ქართველებს ამდენი ლამაზი, მელოდიური სიმღერა გვაქვს.
– რამდენად რთულია ამ სფეროში თავის დამკვიდრება?
– არ დაგიმალავთ, საკმაოდ რთულია. 16 წლის ვიყავი, როცა ჩავაბარე და სასწავლებლად თბილისში ჩამოვედი. ცხადია, მუსიკალურ წრეებში შენი ადგილის პოვნას დრო სჭირდება. აქ მარტო კარგი მონაცემები ვერ გიშველის, რადგან ბევრი დაბრკოლება გხვდება. პირველ ყოვლისა, მოთმინება და შრომისმოყვარეობა უნდა გქონდეს. ცხადია, ნიჭიც აუცილებელია. როდესაც საინტერესო და პოპულარული პროექტის მონაწილე ხარ, წარმატებამ თავბრუ არ უნდა დაგახვიოს: შესაძლოა ტელევიზიებშიც გიწვევენ, ჟურნალისტებიც გირეკავენ, მაგრამ შენი თავი უნდა დააბალანსო და საქმე ღირსეულად გააგრძელო. ამპარტავნება ადამიანს ყველგან და ყოველთვის ღუპავს, განსაკუთრებით – ჩვენს სფეროში. დიდი ტაქტი და სიფრთხილეა საჭირო თუნდაც, კონცერტების ორგანიზატორებთან, მუსიკოსებთან, კომპოზიტორებთან, პროდიუსერებთან… კოლეგებს პატივს უნდა სცემდე და რაც მთავარია, სუფთა, საქმის ერთგული iyo. რა თქმა უნდა, მუსიკოსისთვის ფინანსებიც აუცილებელია: რაც უნდა ნიჭიერი იყო, თანხა მაინც გჭირდება თუნდაც იმისათვის, რომ კომპოზიტორს მიმართო და მუსიკა დაგიწეროს. მან თავის შრომაში ჰონორარი ხომ უნდა აიღოს? იგივე უნდა ითქვას არანჟირების ავტორსა და სხვებზეც… ეს ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული.
– როცა წარსულს გადახედავთ, კმაყოფილი ხართ თქვენი განვლილი გზით?
– ვფიქრობ, მეტი შემეძლო. დანაკარგის ანაზღაურებას მომავალში ვაპირებ: ბევრი საინტერესო გეგმა და მიზანი მაქვს. რაც გავაკეთე, უკვე განვლილი ეტაპია. საოცრად მადლობელი ვარ იმ ხალხის, რომელიც ამ გზაზე დამხმარებია: აუცილებლად უნდა ვახსენო ოთარ ტატიშვილი და რუსა მორჩილაძე, რომლებსაც ბევრ კონცერტზე მივუწვევივარ. ჩვენს საქმეში ურთიერთობები ბევრ რამეს წყვეტს და ამ ურთიერთობებს გაფრთხილება სჭირდება. მეც, სულ ვცდილობ, ირგვლივ მყოფ ადამიანებს გავუფრთხილდე, არაფერი შემეშალოს და რომელიმეს გული არ ვატკინო. უკვე 13 წელია, ერთ-ერთ რესტორანში ვმღერი და ერთსა და იმავე ხალხთან ვმუშაობ. ისინი ჩემთვის ოჯახის წევრებივით არიან. ვცდილობ, ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდეს. თუ შენი საქმე გიყვარს, სამსახურში მყოფი ხალხიც უნდა გიყვარდეს – დირექტორით დაწყებული, რიგით თანამშრომლამდე. ჩემი აზრით, ადამიანთა ურთიერთობაში ყველაფერი ურთიერთპატივისცემაზეა აგებული და კოლეგების დაფასება, მათი გაფრთხილება ნებისმიერ პროფესიაში მნიშვნელოვანია.