„ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“ – ამ სახელწოდებით დღეს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მარშები გაიმართება

„ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“ – ამ სახელწოდებით დღეს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მარშები გაიმართება. აქციის მონაწილეები თბილისში რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, ბათუმში გაზეთ „ბათუმელების“ ოფისთან, ხოლო ქუთაისში მე-3 სკოლასთან.
👉 „2025 წლის 8 მარტს საქართველოში პირველად ვხვდებით ქალ პოლიტპატიმრებთან ერთად – მზია ამაღლობელი, ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლი და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა დღეს.
მასთან ერთად, არც სხვა ქალები ვეგუებით საქართველოში ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმსა და პოლიციურ რეჟიმს, რომელმაც დაამწყვდია უდანაშაულო ადამიანები ციხეში, უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, შეურაცხყოფას აყენებდა მოშიმშილე მზია ამაღლობელს, აწამა მშვიდობიანი მანიფესტანტები და თავისი ყოველდღიური ქმედებით მიჰყავს საქართველო სულ უფრო და უფრო ღრმა კრიზისამდე.
სწორედ ამ რეჟიმის წინააღმდეგ, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, რომელსაც ქალთა მოძრაობა ყოველწლიურად ვუძღვნით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ქალები რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბებით და რუსთაველისკენ მსვლელობას გავმართავთ.
ამ პროტესტს ქალის ხმა აქვს! 8 მარტს, 19:30 საათზე, შემოგვიერთდი რესპუბლიკის მოედანზე და ერთად გავაგონოთ რეჟიმს გაბრაზებული ქართველი ქალების ხმა!
თბილისის გარდა, 8 მარტს მარშები გაიმართება სხვა ქალაქებშიც:
– ქუთაისი
შეკრების ადგილი: მე-3 სკოლა
შეკრების დრო: 19:00 საათი
შეკრების ადგილი: მემედ აბაშიძის 48 (გაზეთ “ბათუმელების” ოფისთან)
შეკრების დრო: 18:00 საათი“, – წერენ აქციის ორგანიზატორები.