შალვა პაპუაშვილი მზია ამაღლობელის მიერ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე აცხადებს:
„რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ შიმშილობა შეწყვიტა. ამ დღეებმაც კიდევ ერთხელ გამოავლინა ის, რაც, სხვათა შორის, სხვა დროსაც ვნახეთ, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დროს, რომ ამას შემდეგ სხვები იყენებენ იარაღად. გაოგნებული ვარ ევროკავშირის ელჩის განცხადებებით. ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის გუშინაც ჰქონდა განცხადება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ იყო პირდაპირ წაქეზება, რომ ადამიანს საკუთარი თავის დაზიანება გაეგრძელებინა. ამას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი როდესაც აკეთებს, აჩვენებს მის პირად აცდენას ყოველგვარ ადამიანურ ღირებულებებზე. ნაცვლად იმისა, რომ მიემართა, მათ შორის მზია ამაღლობელისთვის, ეთქვა, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, მისი მხრიდან ვნახეთ წაქეზება, რომ ადამიანს გაეგრძელებინა საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება. ეს აღმაშფოთებელია. სააკაშვილის დროსაც ასე იყო. ვერცერთი ელჩი ვერ გამოვიყვანეთ და ვერ ვათქმევინეთ, რომ ადამიანს შეეწყვიტა საკუთარი თავის დაზიანება. აქ ჩანს, რომ ზოგიერთებისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია. ქალბატონ სალომეს წამოსცდა კიდევაც, რომ მზია ამაღლობელი არის კარგი იარაღი მის ხელში. როგორც ჩანს, ზოგიერთი უცხოელის ხელშიც ის იარაღი იყო. ამიტომ, კარგია, რომ შეწყვიტა შიმშილობა. როგორც სააკაშვილის შიმშილობის დროს ვამბობდით, მინდა, ახლაც კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ უპირველეს ყოვლისა, პენიტენციური დაწესებულება, სამედიცინო დაწესებულება, სადაც ის იმყოფებოდა და, ზოგადად, სახელმწიფო არის პირველი გულშემატკივარი პირადად მისი და მისი ჯანმრთელობის. კარგია, რომ მან შეწყვიტა შიმშილობა. ამავე დროს, ალბათ მასაც ექნება საშუალება, გაანალიზოს, რომ ის ხალხი, რომელიც შეიძლება, მას მეგობრობას ეფიცებოდა, სინამდვილეში, მის იარაღად გამოყენებას ცდილობდა. არა მხოლოდ ქართველები, არამედ ზოგიერთი უცხოელიც, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამ ადამიანებს არანაირი კეთილი განზრახვები არ აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით. ვგულისხმობ იმ უცხოელებს, რომლებისგანაც უხვად იყო განცხადებები, რომლებიც იყო ჩვეულებრივი წაქეზება, რომ ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობა მეტად დაეზიანებინა“
