“ქალბატონო თინათინ, ჩვენ, სინდისის პატიმართა ოჯახები, მოგმართავთ გულწრფელი თხოვნითა და მტკიცე მოთხოვნით, გამომდინარე იმ მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც ჩვენი ოჯახის წევრები იმყოფებიან”

“ქალბატონო თინათინ,
ჩვენ, სინდისის პატიმართა ოჯახები, მოგმართავთ გულწრფელი თხოვნითა და მტკიცე მოთხოვნით, გამომდინარე იმ მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც ჩვენი ოჯახის წევრები იმყოფებიან:
1. ვითხოვთ პრაიმ ტაიმში ცოცხალი ეთერის გამოყოფას, რათა საზოგადოებას, ასევე ჩვენ — პატიმრების ოჯახებს — მოგვეცეს შესაძლებლობა, უშუალოდ მივაწოდოთ ინფორმაცია სინდისის პატიმრების მდგომარეობასა და მათ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. მივიჩნევთ, რომ საზოგადოების ინფორმირების უფლება და საჭიროება უმაღლეს პრიორიტეტად უნდა განიხილებოდეს.
2. ვითხოვთ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული ყველა სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში სრულფასოვან გაშუქებას, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ. მოგეხსენებათ, მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს გააჩნია სასამართლო პროცესების ვიდეოგადაღების უფლებამოსილება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესების გამჭვირვალობისა და საზოგადოების სამართლიანი ინფორმირების უზრუნველყოფისათვის.
უკვე ხუთი თვეა, 54 მოქალაქე უმიზეზოდ, ყოველგვარი დასაბუთებული ბრალის გარეშე იმყოფება პატიმრობაში. ისინი წარმოადგენენ სინდისის პატიმრებს — ადამიანებს, რომლებმაც აირჩიეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თავისუფლებისთვის ბრძოლა.
ჩვენი მოთხოვნები ემყარება თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუტურ მიზნებს — უზრუნველყოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების სრულფასოვანი გაშუქება, დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის პრინციპების დაცვით.
ამით მოვითხოვთ:
• სამ დღიან ვადაში უზრუნველყოთ ცოცხალი ეთერის გამოყოფა პრაიმ ტაიმში;
• დაიწყოთ სინდისის პატიმრებთან დაკავშირებული ყველა სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში სრულყოფილი გაშუქება.
ჩვენი მადისკრედიტერებელი ინფორმაციის გავრცელებაში ჩართულია განუზომელი სისტემური რესურსი. ასეთ ვითარებაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, რომ როგორც მინიმუმ დაგვეხმაროს საზოგადოებისთვის ჩვენი ხმის უკეთ მიწვდენაში და მის დაბალანსებულად ინფორმირებაში.
გთხოვთ, უზრუნველყოთ დროული რეაგირება და გაითვალისწინოთ საკითხის განსაკუთრებული სენსიტიურობა და საზოგადოებრივი მნიშვნელობა.
გაცნობებთ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით იძულებული, საკითხი გადავცეთ საერთაშორისო საზოგადოებრივი მაუწყებლობის მონიტორინგის ორგანიზაციებს, მათ შორის Public Media Alliance-ს, ასევე მივმართოთ ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს მედიის თავისუფლების დეპარტამენტს, საერთაშორისო ჟურნალისტთა ფედერაციას (IFJ) და სხვა შესაბამის გავლენიან ინსტიტუტებს, რათა სათანადო ყურადღება მიაქციონ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი ინტერესების და სამართლიანი ინფორმირების ვალდებულებების შესაძლო დარღვევას” – ვკითხულობთ სინდისის პატიმრების ოჯახების განცხადებაში.