გასულ ღამით აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის საპორტო ქალაქ ტუაფსეში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა და პორტის ერთ-ერთი მისადგომისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაზიანება დაადასატურა.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ არხზე 31 დეკემბერს, დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, პორტის მისადგომზე გაჩენილი ხანძარი „ოპერატიულად ლიკვიდირებულია“ და ცეცხლი ჩააქრეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაშიც, სადაც დანადგარებია დაზიანებული.
ტუაფსეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტს“ ეკუთვნის.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა ხუთი სახლიც და დაშავდა ორი ადამიანი.
უკრაინას ტუაფსეზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ამ ქალაქის პორტსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა ადრეც არაერთხელ იყო, მათ შორის 2025 წლის ნოემბერში.
2025 წლის დეკემბერში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე არაერთ ობიექტს დაარტყეს. მათ შორის ორჯერ ქალაქ ტემრიუკის პორტს, ქალაქ ყუბანის სლავიანსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და დაბა ვოლნაში მდებარე პორტ „ტამანს“.
15 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ნოვოროსიისკის პორტში დრონებით შეუტიეს რუსეთის წყალქვეშა ნავს.
· უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ.
· რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს” უწოდებს, უკრაინა კი – „კანონიერ სამიზნეებზე” დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ფორუმი




