ქალაქ ბრიუსელის მუნიციპალიტეტმა, ექვს თვეში, ქუჩების სისუფთავესთან დაკავშირებით, თითქმის 14 000 საჩივარი მიიღო

ამ შეტყობინებების უმეტესობა (11 342) უკანონო ნაგავსაყრელებს ეხებოდა, შემდეგ მოდის: შეუსაბამო, არასტანდარტული ნაგვის ტომრები (1 147), გადავსებული ან დაბინძურებული ნაგვის ურნები (565), მიტოვებული სამშენებლო მასალა ან ნარჩენები (457) და ნაგვის არასათანადოდ შეფუთვა (341).
აპლიკაციისა და ვებსაიტ fixmystreet.brussels-ის საშუალებით, ნებისმიერს პირს შეუძლია, მარტივად შეატყობინოს მუნიციპალიტეტს ბრიუსელის საჯარო სივრცეში არსებული უწესრიგობის შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, ორმოს არსებობა, ქუჩის გაუმართავი განათება ან დაზიანებული ქუჩის ავეჯი. ამ პლატფორმის საშუალებით ასევე შესაძლებელია საზოგადოებრივი სისუფთავის პრობლემების შესახებ შეტყობინების მიწოდება. ყველაფერი რაც თქვენ მოგეთხოვებათ, არის ზუსტი ადგილმდებარეობის მითითება, პრობლემის მოკლე აღწერა და, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო ფოტოს გაგზავნა. შემდეგ ეს შეტყობინება მიეწოდება შესაბამის საჯარო სამსახურს, რომელიც საჭირო ზომებს მიიღებს. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია მათ შეტყობინებაზე რეაგირების შესახებ.
მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ბრიუსელის მუნიციპალიტეტმა მიიღო 13 852 საჩივარი, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში სისუფთავეს შეეხებოდა, რაც მცირედით აღემატება გასული წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებულ (13 504) მაჩვენებელს.
Fix My Street-ის საშუალებით მუნიციპალიტეტში სისუფთავესთან დაკავშირებით გაგზავნილი შეტყობინებების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. როგორც ჩანს, Fix My Street-ს უფრო და უფრო მეტი მოქალაქე იყენებს საზოგადოებრივ ადგილებში სისუფთავის პრობლემების შესახებ ქალაქის ხელისუფლებისთვის შესატყობინებლად.
წყარო: 1 არხი