ქათმის ხორცზე წლიური მოთხოვნა დაახლოებით 75 000 ტონაა, სადაც ქართული წარმოების წილი მხოლოდ 30-32%-ია – ზურაბ უჩუმბეგაშვილი

წლის მანძილზე საქართველოში დაახლოებით 75 ათას ტონა ქათმის ხორცს მოიხმარენ, სადაც ქართული წარმოების წილი მხოლოდ 30-32%-ია.
საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი, კომპანია „კუმისის“ დამფუძნებელი, ზურაბ უჩუმბეგაშვილი რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას განმარტავს, რომ იმპორტირებული ქათამი ისეთი არასამართლიანი და დაბალი ფასით შემოდის, რომ ადგილობრივ მეწარმეს კონკურენცია არც უღირს და ვერც ახერხებს. შესაბამისად, მოცულობის გაზრდის ინტერესიც არ არსებობს.
რაც შეეხება კვერცხის წარმოებას, ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, ამ მხრივ სიტუაცია შედარებით სტაბილურია და ქართული წარმოება ქვეყნის მოთხოვნილებას სრულად აკმაყოფილებს.
„2023 წელს 60 მილიონი კვერცხი შემოვიდა, ხოლო 2024 წელს – 12 მილიონი. შესაბამისად, უფრო მეტი მოთხოვნა ადგილობრივ მწარმოებლებს დააწვა. ჩვენ რომ ახლა წარმოება გავზარდოთ, შესაძლოა, შემდეგ წელს ისეთი რაოდენობა შემოვიდეს, სიტუაცია ძალიან გაგვირთულოს. ხშირად მომხდარა, რომ იმპორტი შემოდის გაცილებით დაბალი ფასით, რადგან თავიანთ ქვეყანაში ვერ ყიდიან, ჭარბი წარმოება აქვთ, მალფუჭებადია, ფასს აღარ უყურებენ და შედეგად, ადგილობრივი მწარმოებლები ვზარალდებით. ადრე იყო უკრაინის ფაქტორი, თუმცა, ომის შემდეგ ჩვენი „ფასებით დარბევა“ თურქეთმა გააგრძელა. დღეს თურქეთს ამერიკის ბაზარზე ისეთი რაოდენობა გააქვს, ჩვენ მათთვის საინტერესო უკვე აღარ ვართ, – განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში.
მისივე თქმით, წელს ქართველი მწარმოებლები, რეალურად, იმაზე მეტ კვერცხს აწარმოებდნენ, ვიდრე გასულ წელს და თუ ასეთი სტაბილური სიტუაცია შენარჩუნდა, არც დეფიციტისა და არც ფასების ზრდის ნიშნები არ იკვეთება.