“ქათმის უძვლო ფრთებს” ძვლებიც შეიძლება ჰქონდეთ – ოჰაიოს სასამართლოს გადაწყვეტილება

ოჰაიოს შტატის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა კაცის სარჩელი, რომელსაც რესტორანში “ქათმის უძვლო ფრთებად” წოდებული კერძის ჭამისას ძვალი გადაეყლაპა და ცუდად გახდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ქათმის უძვლო ფრთებს” ძვლებიც შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ეს ტერმინი საკვების მომზადების გარკვეულ სტილს გულისხმობს და მისი განმარტება არ მოითხოვს, რომ კერძში ძვლები არ იყოს.
მაიკლ ბერკჰაიმერმა 2016 წელს რესტორანს “ფრთები ბრუკვუდზე” (wings on brookwood) მას შემდეგ უჩივლა, რაც, მისი თქმით, “უძვლო” ფრთების შეკვეთისას არ გააფრთხილეს, რომ რეალურად, ფრთებში შესაძლოა ქათმის ძვალი ყოფილიყო. ერთ-ერთი ძვალი მამაკაცს შემთხვევით გადაეყლაპა და ყელში გაეჩხირა.
თავდაპირველად, მამაკაცმა უბრალო დისკომფორტი იგრძნო, თუმცა რამდენიმე დღეში ტკივილებით და მაღალი სიცხით საავადმყოფოში მივიდა. ექიმებმა ბერკჰაიმერის ყელში ქათმის თხელი, გრძელი ძვალი აღმოაჩინეს, რომელმაც მამაკაცის საყლაპავი მილი დააზიანა და ინფექციის გავრცელება გამოიწვია.
ბერკჰაიმერმა არამარტო კვების დაწესებულებას, არამედ რესტორანში ხორცის მიმწოდებელს და თავად ქათმების ფერმასაც უჩივლა.
გადაწყვეტილება სასამართლომ 4-3 ხმით მიიღო. მოსამართლეების უმეტესობის აზრით, საღად მოაზროვნე ადამიანიფრთების ჭამას სიფრთხილით ეკიდება, რაც თავისთავად ფრთაში ქათმის ძვლის აღმოჩენის ალბათობის გააზრებასაც გულისხმობს.
“როდესაც რესტორანში მომხმარებელი მენიუში კითხულობს, რომ ფრთები “უძვლოა”, ის არ ფიქრობს, რომ რესტორანი გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი ქათმის უძვლო ფრთებისგან მზადდება”.- თქვა მოსამართლეთა უმრავლესობის სახელით გამოსულმა ჯოზეფ დეტერსმა.
თუმცა ერთ-ერთი მოსამართლე უმრავლესობის აზრს არ იზიარებს და ამ გადაწყვეტილებას “აბსოლუტური ბოდვა” უწოდა.
მოსამართლეების ნაწილი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულების ჩართულობით უნდა მიეღოთ. მაგალითად, მოსამართლე მაიკლ დონელის აზრით, ადამიანების უმეტესობა სიტყვა “უძვლოს” წაკითხვისას ავტომატურად ფიქრობს, რომ საკვები ძვლებს არ შეიცავს.
“უნდა დაისვას კითხვა: მართლა სჯერა ვინმეს, რომ ამ ქვეყანაში მშობლები, რომლებიც თავიანთ პატარა შვილებს უძვლო ფრთებს, ქათმის ფილეს, ქათმის ნაგეტსებს ან ქათმის “თითებს” აჭმევენ, მოელიან, რომ რომელიმეში ქათმის ძვლები შეხვდებათ? რა თქმა უნდა, არა. როდესაც ისინი კითხულობენ სიტყვა “უძვლოს”, როგორც ყველა გონიერი ადამიანი ისინიც ფიქრობენ, რომ ეს ნიშნავს “ძვლების გარეშეს”. – თქვა მან.
წყარო: ტაბულა

ასევე დაგაინტერესებთ