ქადაგიძემ ყველაფერი გააკეთა, რომ ფრანგული Societe Generale საქართველოდან გასულიყო – ლაშა პაპაშვილი (bm.ge)

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ფრანგული Societe Generale-ის საქართველოს ბაზრიდან გასვლაში ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს ადანაშაულებს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია.
„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისი და სანქციები ქვეყნის ეკონომიკას უზარმაზარი რისკის და პრობლემების წინაშე აყენებს, თუმცა ბიზნესმენს გამოსავლის გზად არა – ახალი , არამედ საპროტესტო აქციების შეწყვეტა და ოპოზიციის მიერ პარლამენტში მუშაობის გაგრძელება მიაჩნია.
– 12 წელია ვუყურებ და [საქართველომ] კი არ გადაუხვია, არამედ აბსოლუტურად ევროპისკენ წავიდა… ყველა ზღვარი გადალახეთ მადლიერების, საქმიანი მიდგომის, ადამიანობის. ასე არ შეიძლება. ხომ დაწყნარდა ქვეყანა?! ხომ მშვიდობა გვაქვს?! ბიზნესი ხომ გათავისუფლდა ან ის ადამიანები, აქ [BMG] რომ მოდიან… პერსონალიებზე არ მინდოდა საუბარი, მაგრამ როგორ შეიძლება, გიორგი ქადაგიძე აქ მოვიდეს და ბიზნესზე რამე ილაპარაკოს?! შეიძლება ეს?! მე მასწავლით თქვენ ევროპას?! 2006 წელს საქმით გავაკეთე – ევროპული საბანკო სექტორის გიგანტი Societe Generale-ი საქართველოში შემოვიყვანე და გიორგი ქადაგიძემ გააკეთა ყველაფერი, რომ ის გასულიყო ქვეყნიდან. 2009 წელს დაინიშნა და პირველი რაც გააკეთა, ნახევარი მილიონით დააჯარიმა [ბანკი]. და ევროპაში წამიყვანს მე ქადაგიძე?!

– დაუმსახურებლად დააჯარიმა?

– არა… საბანკო სექტორის ხალხს ჰკითხეთ გიორგი ქადაგიძის ქმედებები. მე არ მინდა, რაც ყველამ იცის, იმ თემებზე ვისაუბრო – [მაგალითად] „ქართუ ბანკის“ თემა… [ქადაგიძე] ყველანაირად ხელს მიშლიდა…. ჰკითხეთ სხვა ბანკებსაც. თქვან, ვერ ამბობენ, მაგრამ უნდა თქვან. ამ ადამიანებს არ აქვთ უფლება გამოვიდნენ და ილაპარაკონ… გიორგი ქადაგიძემ ყველაფერი გააკეთა, რომ Societe Generale-ი საქართველოდან გაეყვანა და მე წამიყვანს ევროპაში?!

– რატომ აიჩემეთ გიორგი ქადაგიძე? პოლიტიკური პროცესების გამოკვეთილი ლიდერი ის არ არის…

– როგორ არაა ლიდერი?! თავში ზის ეგ და ნიკა გილაური. გილაური მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო. ყველაფერი გააკეთეს, რომ Societe Generale-ი საქართველოდან გაეყვანათ, რომელიც ჩემი სისხლის ფასად შემოვიყვანე ქვეყანაში…

– BMG მზადაა, სურვილის შემთხვევაში, ამ თემაზე სხვა დროს ვისაუბროთ დეტალურად. გიორგი ქადაგიძესაც მოვიწვევთ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ლაშა პაპაშვილმა საქართველოს საფინანსო ბაზრიდან Societe Generale-ის გასვლაში მთავრობის წვლილზე ისაუბრა.

ცნობისთვის: ფრანგულმა Societe Generale-მა ქართული „ბანკ რესპუბლიკას“ 60% შეიძინა 2006 წელს. „Société Générale-ის ინვესტიცია ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ენდობიან“, – აცხადებდა მაშინ პრეზიდენტი . 2016 წელს კი, TBC Group-მა ბანკ „რესპუბლიკას“ 93,64% 315 მლნ ლარად (103 მლნ გირვანქა სტერლინგი) შეისყიდა. გარიგების შედეგად, Societe Generale-ი ბანკის აქციების 5,61%-ის მფლობელი გახდა, რომელიც Societe Generale-მა 42,8 მლნ გირვანქა სტერლინგად დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და ამერიკის ინსტიტუციონალურ ინვესტორებზე გაყიდა, რითაც საქართველოდან საბოლოოდ გავიდა.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს