ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი კანდიდატის სტატუსისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისვლას ეხმაურება.
მისი თქმით, “ზურაბიშვილი უნდა ხვდებოდეს, რომ ტრიბუნაზე მისი ადგილი ხელისუფლებასთან ერთად არ იყო”.
“თვითონაც უნდა ხვდებოდეს ადამიანი, რომ იმ ტრიბუნაზე ხელისუფლებასთან ერთად მისი ადგილი უბრალოდ ვერ იქნებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა გადამწყვეტ ეტაპზე, სამწუხაროდ, ვიმეორებ, საქართველოს პრეზიდენტი იძახდა, რომ საქართველო არ იმსახურებს [სტატუსს] და მისი ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს.
ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკომისიის დადებითი დასკვნის შემდეგაც და უკვე ევროსაბჭოს მხრიდან ოფიციალურად მონიჭებული სტატუსის შემდეგაც, მას ერთი სიტყვაც არ დასცდენია იმ მიმართულებით, რომ დადებითად შეეფასებინა ქვეყნის ხელისუფლებისა და რა თქმა უნდა, მთლიანად ქართველი ხალხის ძალისხმევა ხელისუფლებასთან ერთად. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ჩანს, რომ გარკვეულწილად თითქოს პროვოკაციული იყო მისი ეს ნაბიჯი”, – ამბობს ქადაგიშვილი.