ფხაკაძე-გამგონეიშვილის კომპანია ელბაქიძის მიმდებარედ, სანაპიროზე 12 სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბიზნესმენების ვასილ ფხაკაძის და თამარ გამგონეიშვილის კომპანია „პარკ ლეინი ბიოგრაფისაგან“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ არქიტექტურის სამსახურისგან სამშენებლო პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვაზე შუალედური თანხმობა უკვე მიიღო.
არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტი მიწის ზემოთ 12 სართულს, მიწისქვეშ კი 2 სართულისგან შედგება, სადაც ავტოსადგომი განთავსდება.
პროექტის მიხედვით, მიწის ნაკვეთი 4707 კვ.მ.-ს მოიცავს, განაშენიანების ფართობი 14 028 კვ.მ.-ია, საცხოვრებელი ფართი კი 7720 კვ.მ-ია.
შპს „პარკ ლეინი ბიოგრაფისაგან“ დირექტორები ვასილ ფხაკაძე და თამარ გამგონეიშვილი არიან. კომპანიის მესაკუთრე კი შპს ველაჯიო (50%) და შპს რივერსაიდ ინვესტია (50%). თავის მხრივ შპს რივერსაიდ ინვესტის დირექტორის თამარ გამგონეიშვილია, კომპანია კი ოფშორში დარეგისტრირებულ ორგანიზაციას ეკუთვნის. შპს „ველაჯიო“ კი მალტაში რეგისტრირებული კომპანიის საკუთრებაა.
ბიზნესმენი თამარ გამგონეიშვილი, შპს „პარკ ლეინი ბიოგრაფისაგან“ გარდა, რამდენიმე სამშენებლო კომპანიის დირექტორია, მათ შორის რუსეთში მოღვაწე ქართველ მილიარდერ პაატა გამგონეიშვილთან დაკავშირებული კომპანიების. პაატა გამგონეიშვილი სამშენებლო ბიზნესით საქართველოში 2014 წლიდან დაინტერესდა და როგორც წლების განმავლობაში სხვადასხვა ქართული მედია ავრცელებდა ინფორმაციას, მან თავისი თითქმის ყველა სამშენებლო ბიზნესის მართვა თამარ გამგონეიშვილს ჩააბარა. აღსანიშნავია, რომ მისი კომპანიების უმეტესობას ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ.
რაც შეეხება ვასილ ფხაკაძეს, ის ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის შვილია. ვასილ ფხაკაძე მართავს „ვისოლ ჯგუფის“ დეველოპერულ კომპანია „ბიოგრაფს“.