საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე არსებული საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებზე – ლოტი II (კმ21.5 – კმ25.5 მონაკვეთი) ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების ღონისძიებების სამუშაოები დაყოფილია 8 ლოტად, საიდანაც 7 ლოტზე უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები და მიმდინარეობს სამუშაოები. II ლოტზე, ტენდერის დასრულების და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აღნიშნულ გზის რვავე მონაკვეთზე იქნება ხელშეკრულება გაფორმებული.
აღნიშნული პროექტი სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 20 380 199.33 ლარს შეადგენს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების ღონისძიებების პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას.
თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოს უკავშირდება. თუშეთის გზა, გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი. ეს გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარეობს. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.
შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=642919&lang=ge“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
