ფუნქციურად უსინათლო მამაკაცმა, გენური თერაპიის შემდეგ, მხედველობა დაიბრუნა

31 წლის სლაიგოელმა მამაკაცმა, რომელიც ფუნქციურად ბრმა იყო, დუბლინის საუნივერსიტეტო კლინიკაში გენური თერაპიით მკურანალობის წყალობით, მხედველობა აღიდგინა.
ის არის პირველი პაციენტი ირლანდიაში, რომელსაც მკურნალობა თვალის გენური თერაპიის რევოლუციური მეთოდით („Luxturna“) ჩაუტარდა.
სტიუარტ ჰაქსელს ძალიან იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება – თვალის ბადურის დისტროფია – დაუდგინდა და, 13 წლის განმავლობაში, მხოლოდ სუსტი სინათლის აღქმა შეეძლო.
მან მკურნალობის კურსი ნოემბერში გაიარა და მხედველობის დაბრუნების შესახებ დღეს პირველად საუბრობს.
მკურნალობის კურსის გავლიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, ჰაქსელმა მხედველობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იგრძნო და როგორც თავად ამბობს, კითხვის უნარი დაუბრუნდა.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად შემიძლია დავინახო ჩემს გარშემო არსებული სამყარო“, – ამბობს სტიუარტი.
მისი ცხოვრების გაუმჯობესება იმაშიც გამოიხატება, რომ კვლავ ახერხებს კითხვას, არადა, ადრე ეგონა, რომ ამას ვეღარასოდეს შეძლებდა.
ჰაქსელი ქირურგ-ოფთალმოლოგის, პროფესორ დევიდ კიგანის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რომლის განმარტებით, თვალის ბადურის მემკვიდრეობითი დისტროფია ძალიან იშვიათი დავადებაა და ის, შესაძლოა, ორ-სამ წელიწადში მხოლოდ ერთ პაციენტში გამოვლინდეს.
მკურნალობის პროცესში ჯერ ის ირკვევა, აქვს თუ არა პაციენტს მკურნალობისთვის საკმარისი ბადურის სტრუქტურა დარჩენილი, დადებითი პასუხის შემთხვევაში -ხდება თვალის მინისებრი სხეულის მოშორება და ინექციის შეყვანა ბადურის დროებით ფენის შესაქმნელად, რომელიც, თავის მხრივ, ფუნქციური მხედველობის განვითარების საშუალებას იძლევა.
ბადურის უჯრედები გამოიმუშავებენ ფერმენტს, რომელიც მხედველობის აღდგენას განაპირობებს.
დუბლინის საუნივერსიტეტო კლინიკა, წლის ბოლოს, კიდევ ერთი პაციენტის მკურნალობას გეგმავს.
პროცედურა ყველაზე ეფექტურია, როდესაც ის ბავშვობის ასაკში, მხედველობის დეგრადაციამდე ტარდება, თუმცა ზრდასრული ასაკის ადამიანებშიც დადებით შედეგს იძლევა.
სტიუარტ ჰაქსელის მკურნალობის დაფინანსება ჯანდაცვის აღმასრულებელმა სამსახურმა უზრუნველყო.
წყარო: 1tv.ge