საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, კანონპროექტი, რომელსაც პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, 24 ივნისს განიხილავენ.
კანონპროექტის მიხედვით, დაზარალებულს, რომელსაც ქონებრივი ზიანი მიადგა, მისი გამარტივებული წესით ანაზღაურების საშუალება ექნება, რის გამოც ცვლილებები ხუთ კანონში შედის – „სისხლის სამართლის კოდექსი“; „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“; „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი; „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონი; „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონი.
კანონპროექტის თანახმად, დაზარალებულს საშუალება ეძლევა, ზიანი აინაზღაუროს როგორც დანაშაულის ჩამდენი პირისგან, ისე ამ პირის ახლო ნათესავისგან და დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონებით.
„დაზარალებულს შესაძლებლობა ექნება გამარტივებული წარმოების გზით მოითხოვოს მსჯავრდებულისგან/განრიდებულისგან მისი ანაზღაურება, თუ მას ქონებრივი ზიანი მიადგა კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული ქონებრივი დანაშაულებისთვის.
მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს მსჯავრდებულის/განრიდებულის ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობას.
ინერგება ისეთი მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებელს მისცემს ზიანი აინაზღაუროს როგორც ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირისგან დანაშაულის საგნის ამოღების, ისე ამ პირის იმ ახლო ნათესავისგან, ასევე დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში, რომელსაც ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – უკანონოშემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება).
ინერგება საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში, დარეგულირებულია დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაც – ასეთ დროს, განაჩენის საფუძველზე დადგენილი ქონებრივი ზიანის გამარტივებული წარმოებით ანაზღაურების უფლება გარდაცვლილის მემკვიდრეებზე / უფლებამონაცვლე პირზე ან პირებზე გადავა.
კანონპროექტის ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები არიან: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
bpn.ge
