ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი: თუ ახლავე არ შეჩერდა ეს ტოქსიკური პროცესი, ნაზი შამანაურის მსგავსი ტრაგედიები გახდება ჩვენი ყოველდღიურობა

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი გამოეხმაურა აქტივისტისა და პედაგოგის, ნინო დათაშვილისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის ფაქტს.
„ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით ბოროტად გამოყენება არის სტალინის შემდგომი რეპრესიების ჩვეული მეთოდი.
სტალინის დროს რომ ხვრეტდნენ და აციმბირებდნენ პოლიტიკურად არასასურველ ადამიანებს (წესიერ ადამიანებს, უფრო სწორად), ხრუშჩოვის პერიოდიდან, და განსაკუთრებით კი, ე.წ. “უძრაობის” ხანაში, პოლიტიკურ ოპონენტებს უშვებდნენ “სამკურნალოდ” ფსიქიატრიულებში.
ამ მანკიერ პრაქტიკას წინ აღუდგა იმ დროს ახალგაზრდა უკრაინელი ფსიქიატრი სემიონ გლუზმანი, და ისიც გულაგზე გადაასახლეს. იქ, დისიდენტ ვლადიმირ ბუკოვსკისთან ერთად, დაწერეს წიგნი – სახელმძღვანელო დისიდენტებისთვის – “როგორ გადავრჩეთ საბჭოთა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში”.
იმ პერიოდში რუსებმა დისიდენტების რეპრესირებისთვის სპეციალური დიაგნოზიც გამოიგონეს – დუნედმავალი შიზოფრენია. ანუ, ადამიანს არ ეტყობაო, რომ ფსიქოზი სჭირს, უბრალოდ “რეფორმატორობის იდეები” აქვსო, რაც ნიშნავს მის არანორმალურობას და ჩვენებას “მკურნალობისთვის”.
უამრავი ადამიანი გააუბედურეს საბჭოთა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. ამაზე წიგნებია დაწერილი – მაგალითად, რობერტ ვან ვორენის “დისიდენტები და სიგიჟე”.
რუსეთში ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნებით ბოროტად გამოყენება არასდროს შეწყვეტილა. ჩვენთან იყო შეწყვეტილი. მართალია, ნაზი შამანაურის შემთხვევის გამო (რომელიც კორუფციასთან ბრძოლის გამო გამოამწყვდიეს ასათიანის ფსიქიატრიულში და ცემით მოკლეს) არავინ დასჯილა და არავის მოუნანიებია, მაგრამ მაინც შეწყვეტილი იყო ეს მანკიერი პრაქტიკა.
და ახლა, როგორც ბრუნდება ბევრი რუსული და საბჭოთა მახინჯი მოვლენა, უწესოებს ისევ უნდათ ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნებით ბოროტად გამოყენების დაბრუნება.
თუ ახლავე არ შეჩერდა ეს ტოქსიკური პროცესი, ნაზი შამანაურის მსგავსი ტრაგედიები გახდება ჩვენი ყოველდღიურობა“.