ფსიქოლოგთა პროფკავშირის განცხადება “ოცნების” ახალი ინიციატივის პასუხად:

საქართველოს ფსიქოლოგთა პროფკავშირის განცხადება, ოცნების ახალი ინიციატივის პასუხად:
“ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ უნდა იყოს ადამიანების კონტროლის, დისკრიმინაციისა ან მანიპულაციის იარაღი! ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ეკუთვნის იმ განსაკუთრებით მგრძნობიარე მონაცემთა კატეგორიას, რომლის შეგროვება, შენახვა ან გავრცელება ადამიანის ბაზისური უფლებების დარღვევის საფრთხეს ქმნის და ზრდის მისი დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციის რისკს. ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზები, რომელშიც ეს ინფორმაცია მოიყრის თავს, უკიდურესად მაღალი რისკის მატარებელია. ასეთი სისტემა შეიძლება გამოყენებულ იქნას მოქალაქეების კონტროლისთვის, დისკრიმინაციისთვის, დასაქმების, განათლებისა და სხვა უფლებების შეზღუდვისთვის. მონაცემთა ბაზაში მოხვედრის თანმდევი პრობლემების თავიდან ასარიდებლად, ადამიანმა შეიძლება უარი თქვას დახმარების ძიებაზე, რაც გაამწვავებს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას. მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველას, ვინც ადამიანის უფლებებს, თავისუფლებასა და სამართლიანობას იცავს და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს კონფიდენციალურობის, ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტებს!“ | ნათქვამია საქართველოს ფსიქოლოგთა პროფკავშირის განცხადებაში ოცნების ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით
ოცნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას აპირებს | შესაბამისი ცვლილებების შეტანა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში იგეგმება