„ფსიქიკური ჯანმრთელობა არ არის კონტროლის იარაღი“ — სოცმუშაკთა პროფკავშირი

სოციალურ მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ეხმაურება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთობლივი ბაზის შექმნას ითვალისწინებს.
„ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ყველაზე მგრძნობიარეა და მიეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რომელთა დამუშავება პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით. ეს მონაცემები ხშირად იტევს ადამიანის ყველაზე რთულ გამოცდილებებს — ტრავმას, სტრესს, ძალადობას, რომელსაც ისინი ხშირად დიდი ძალისხმევით და ნდობით გვიზიარებენ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი თავს იკავებს ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან მისვლისგან არსებული სტიგმის გამო. თუ გაჩნდება შიში, რომ მათი ინფორმაცია შეიძლება აღმოჩნდეს „ცენტრალურ ბაზაში”, ხელმისაწვდომი გახდეს ანტიდემოკრატიული და ანტიჰუმანური ტოტალიტარული რეჟიმისთვის, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მათ დაცულობას, ადამიანები საერთოდ უარს იტყვიან მხარდაჭერაზე“, — ნათქვამია განცხადებაში.
სოციალურ მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ხაზს უსვამს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა არ არის კონტროლის, დასჯისა და დამორჩილების ბერკეტი — ის არის ადამიანის უფლება, მიიღოს მხარდაჭერა უსაფრთხოდ, ღირსეულად და კონფიდენციალურად.
„ჩვენ, სოციალურ მუშაკთა პროფესიული კავშირი მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ადამიანს, ვინც ზრუნავს მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ვალდებულება არის ხელი შეუწყოს ადამიანების სრულფასოვან მონაწილეობასა და ინტეგრაციას საზოგადოებაში და არა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მათ მიმართ დისკრიმინაციას, შიშს ან იზოლაციას აღვივებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას ითვალისწინებს. კანონით, „იარაღის შესახებ“ გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მიმნიჭებელი და სამხედრო-საბრძოლო იარაღის გამცემი ორგანოები ვალდებულნი იქნებიან, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონაცემები მოიპოვონ ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით.
საქართველოს ფსიქოლოგთა პროფკავშირიც ეწინააღმდეგება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას. პროფკავშირის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უკიდურესად მაღალი რისკის მატარებელია, რადგან ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ უნდა იყოს ადამიანების კონტროლის, დისკრიმინაციისა ან მანიპულაციის იარაღი.

ასევე დაგაინტერესებთ