ფსიქიკური დახმარებისთვის ბავშვების მომართვების 25-30%-იანი მაჩვენებელი მხოლოდ საქართველოშია – ინტერვიუ ლაშა კილაძესთან

„საქართველოში ფსიქიკური დახმარებისთვის მომართვიანობის სტატისტიკა 14-15%-ია. აქედან, პირველად მომართვების 25-30% ბავშვებზე და ახალგაზრდებზე მოდის, რაც საგანგაშო მაჩვენებელია“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ექიმმა-ფსიქიატრმა, ლაშა კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოზარდებში ფსიქიკური აშლილობების ასეთი მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ საქართველოშია, თუმცა დაავადება, ზოგადად, მთელ მსოფლიოში ახალგაზრდავდება. ამერიკული სტატისტიკით, 18-დან 25 წლამდე მოსახლეობის დაახლოებით 26%-ზე მეტი მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს ფსიქიკური აშლილობის პრობლემით.
„კომერსანტი“ ლაშა კილაძეს საქართველოსა და მსოფლიოში ფსიქიკური აშლილობის შემთხვევების სტატისტიკაზე, საქართველოს შემთხვევაში – ბავშვებში დაავადების მზარდი ტენდენციის მიზეზებზე, ამ ტიპის დაავადებების ხელის შემწყობ ფაქტორებსა და პრობლემების დაძლევის გზებზე ესაუბრა.
· ♦ მენტალური ჯანმრთელობის და ფსიქიკური აშლილობის შემთხვევების სტატისტიკა მსოფლიოში:
ლაშა კილაძე, ექიმი-ფსიქიატრი: მენტალურ ჯანმრთელობასთან და ფსიქიკურ აშლილობებთან დაკავშირებით მსოფლიოში საკმაოდ დამაფიქრებელი სტატისტიკა და რიცხვებია. მთელ მსოფლიოში პოპულაციის 3-დან 6%-მდე მოდის მწვავე ფსიქოზურ შემთხვევებზე, 15-18%-ი შფოთვით აშლილობებზე. ეს არის შემთხვევები, რომელიც დიაგნოსტირებულია. არ გამოვრიცხავ, რომ არსებობს ისეთი შემთხვევები, რომელიც დიაგნოსტირებული არ არის. ერთი მაგდენია კიდევ სხვა ტიპის ნევროზული რეესტრის აშლილობები, როგორებიცაა კვებითი აშლილობები, ფობიები და ა.შ.
მთლიანად მსოფლიოში ასეთი რიცხვები გვაქვს: 970-980 მლნ ადამიანი ებრძვის ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეულ ფსიქიკურ აშლილობებს, აქ შედის ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება. ეს ყველაზე მზარდი ტენდენციაა, რაც ძალიან საშიშია, რადგან გარდა ფსიქიკური კეთილდღეობისა, გარდაცვალების შემთხვევებს უკავშირდება რაც, დღევანდელი მონაცემებით, მთლიანი მსოფლიო სიკვდილიანობის დაახლოებით 14-15%-ს შეადგენს. ეს რიცხვი მზარდია და 6 გარდაცვალებიდან 1 ფსიქიკურ პრობლემებს უკავშირდება.
დღეს მსოფლიოში ასეთი ტენდენციაა ზოგადად მოსახლეობის 13% ებრძვის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს. ეს ძალიან დიდი რიცხვია და რაც ყველაზე ცუდია, ის უფრო მეტად უკავშირდება ახალგაზრდა თაობას. ამერიკული სტატისტიკით, ფსიქიკური აშლილობის პრობლემით 18-დან 25 წლამდე მოსახლეობის დაახლოებით 26%-ზე მეტი მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს. წელიწადში დაახლოებით 800 000 სუიციდით გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს. ეს უფრო დიდი რიცხვია, ვიდრე სამხედრო კონფლიქტებში დაღუპულების.
· ♦ საქართველოში მენტალურ ჯანმრთელობის და ფსიქიკური აშლილობის შემთხვევების სტატისტიკა:
რაც შეეხება ფსიქოზურ და ნევროზულ აშლილობებს საქართველოში, დაავადებების გავრცელების მიხედვით დაახლოებით ანალოგიური მაჩვენებელია, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, პირველად მომართვების 25-30% მოდის ბავშვებზე. თვეში დაახლოებით 500-600 პირველადი შემთხვევაა. ჯამში, ფსიქიკური დახმარებისთვის მომართვიანობის სტატისტიკა საქართველოში 14-15%-ია.
♦ ფსიქიკური პრობლემები ბავშვებში
მეორე ძალიან ცუდი ტენდენცია, რაც საქართველოში შეინიშნება ესაა – არასრულწლოვანების და ბავშვთა ასაკთა მყოფების ძალიან ხშირი მომართვა სამედიცინო დაწესებულებებში. ბავშვების მომართვა ძალიან გაზრდილია. ბოლო სტატისტიკით ფსიქიკური აშლილობის პრობლემით მთლიანი მომართვების, 25-დან 30%-მდე შეადგენენ ბავშვები და ახალგაზრდები.
· ♦ რა არის ბავშვებში ფსიქიკური პრობლემების ზრდის მიზეზი?
ეს ტენდენცია საქართველოშია ასე მზარდი, თუმცა, საერთოდ დაავადება გაახალგაზრდავდა. ამერიკული სტატისტიკით, ფსიქიკური აშლილობის პრობლემით სამედიცინო დაწესებულებებს, 18-დან 25 წლამდე მოსახლეობის დაახლოებით 26%-ზე მეტი მიმართავს.
ზოგადად, მსოფლიოში, ფსიქიატრიული მდგომარეობის გაუარესება კომპლექსურ თემებს უკავშირდება: სტრესებს, მრავალრიცხოვან ფსიქო-აქტიური ნივთიერებების მოხმარების ფართოდ გავრცელებას, ურბანიზაციას, კეთილდღეობის პრობლემებს. მენტალური ჯანმრთელობა არ არის მარტო ფსიქიკური დაავადების არარსებობა, ეს არის კომპლექსური პრობლემების თანხვედრა. ამიტომ, ფსიქიკურ პრობლემებს მარტო ფსიქიატრია და ჯანდაცვა არ ებრძვის, ამას ებრძვის სოციალური სისტემები, ფსიქოლოგია, ადგილობრივი ხელისუფლება. ფაქტია, რომ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს ამ კუთხით საქართველოში. იმიტომ, რომ დღეს ამ პრობლემის სათანადოდ აქტუალიზაცია არ ხდება და აქცენტები არ არის იმ სიმძაფრით დასმული, რაც უნდა იყოს.
საქართველოს შემთხვევაში, ბავშვებში მომართვიანობის ზრდა შესაძლოა უკავშირდებოდეს სოციალურ მდგომარეობას, ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღება. ამას გარდა, ბოლო წლებში ბევრი პროგრამა ამუშავდა, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, იგივე აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის, და შესაძლოა ამ პროგრამებზე მომართვიანობამ გამოაჩინა ის პრობლემა, რომელიც ისედაც იყო. ეს თავისთავად თვითკმაყოფილების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან ძალიან დიდი რიცხვია ბავშვთა ასაკში მომართვების და სუიციდური მცდელობების, რაც ყველაზე საგანგაშოა ჩემთვის. ამიტომ, ეს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლადი თემაა და სწრაფ რეაგირებას საჭიროებს.
· ♦ გამოწვევები:
· სტიგმატიზაცია
· ხელისუფლების ნება
· საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება
საქართველოში პრობლემაა ის, რომ ძალიან ხშირად ამ ტიპის პრობლემების მქონე ადამიანები არ მიმართავენ ხოლმე სპეციალისტებს. რადგან ფსიქიკური აშლილობის და დაავადებების მხრივ მწვავედ დგას სტიგმატიზაციის პრობლემა.
სქემა იწყება ასე, რომ ამ პრობლემების გამოჩენისას საქართველოში მაქსიმალურად გადადებენ ხოლმე სპეციალისტთან ურთიერთობის საკითხს. დიდი სტიგმა არსებობს, ჯერ იწყებენ ინფორმაციის თვითონ მოძიებას, მერე – თვითმკურნალობას, მიმართავენ ხოლმე არაშესაბამისი პროფილის და სპეციალობის ექიმს და მაშინ, როცა შემთხვევა შორსწასულია და დაავადება ძალიანაა მანიფესტირებული, მაშინ მიმართავენ ფსიქიატრს და ფსიქიატრიულ დაწესებულებას. ფსიქიატრიაში სტიგმა განსაკუთრებით საშიშია, იმიტომ რომ მას აქვს ჩაკეტილი წრის ეფექტი, რამდენადაც სტიგმატიზებულია ადამიანი და არ მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას და ფსიქიატრს, დაავადებების სიმპტომები კიდევ უფრო მძიმდება. რაც უფრო ღრმაა სტიგმა, მით უფრო მძიმდება ადამიანის მდგომარეობა.
ამას გარდა, მნიშვნელოვანია ხელისუფლების როლიც, რადგან ხელისუფლების ნებაა სწორი სტრატეგიის და პოლიტიკის შემუშავება. ეს პოლიტიკა არის ქაღალდზე, მაგრამ ის არ არის, რბილად რომ ვთქვათ, სრულყოფილი და რაღაც საკითხების გადააზრება თავიდან უნდა მოხდეს და ამ პოლიტიკის შექმნასთან და სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებით თანამედროვე მიდგომების ჩამოყალიბებაა საჭიროა.
ხელისუფლების ნება მნიშვნელოვანია, მაგრამ საზოგადოებრივი აქტიურობა უფრო განსაზღვრავს პროცესებს. ამ დაავადებებთან ბრძოლის საზოგადოების ცნობადობის ამაღლება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
· ♦ როგორ ვებრძოლოთ მენტალური ჯანმრთელობის და ფსიქიკური აშლილობის პრობლემებს?
აუცილებელია მოსახლეობის ცნობადობის, ე.წ. ფსიქოჰიგიენის ამაღლება. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული ფსიქიკურ დაავადებებთან ბრძოლის დროში, პასუხისმგებლობებით გაწერილი სტრატეგია და რაც მთავარია, სტიგმასთან ბრძოლაა საჭირო. მაგალითი რომ ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში არც ერთი სადაზღვევო პაკეტი, არ ითვალისწინებს ფსიქიკურ აშლილობებთან მკურნალობას, თუ რომელიმემ ითვალისწინებს, გამიხარდება და ბოდიშს მოვიხდი. რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმულ ნაბიჯი იქნებოდა სტიგმატიზაციასთან ბრძოლის. ეს პრობლემა არაა ისეთ პრობლემა, რომელზედაც თვალს დავხუჭავთ და თვითონ მოგვარდება.
ბევრი რამ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, მაგრამ ჩვენზე დამოკიდებული არის ის, რომ საწყის ეტაპზე, პრევენციის, ფსიქიატრიული, ჰიგიენის, დეცენტრალიზაციის კუთხით უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ახლოს მივიტანოთ პაციენტთან მისი პრობლემის მოგვარება, მათ შორის საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით. უნდა ვიმუშაოთ ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებაზე და სტიგმასთან ბრძოლას კამპანიური ხასიათის კი არ უნდა ჰქონდეს, არამედ – სისტემური.
ფოტო: რადიო თავისუფლება

ასევე დაგაინტერესებთ