ფრონტის რამდენიმე უბანზე სიტუაცია “უკიდურესად რთულია”, – განაცხადა 19 თებერვლის საღამოს მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ორშაბათს ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა.
“ჩვენ დავბრუნდით ხარკოვის რეგიონიდან, კუპიანსკის მიმართულებით მყოფი ჩვენი ჯარისკაცების პოზიციებიდან. მე-14 ცალკე მექანიზებულ ბრიგადას, ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტს ვესტუმრე. როგორც ყოველთვის-ანგარიში, ძირითადი საჭიროებები. სიტუაცია ახლა ძალიან რთულია ფრონტის რამდენიმე უბანზე, ზუსტად იქ, სადაც რუსულ ჯარებს აქვთ კონცენტრირებული მაქსიმალური რეზერვები. ისინი უკრაინის დახმარების შეფერხებით სარგებლობენ. და ეს ძალიან ხელშესახები რამ არის. არტილერიის დეფიციტია. გვესაჭიროება საფრონტო საჰაერო თავდაცვის საშუალება და შორი მოქმედების ჭურვები ჩვენი დანადგარებისთვის“, – განაცხადა მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა.
უფრო, ადრე თავის საღამოს ცნობაში, უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ფრონტზე 70-მდე სამხედრო შეტაკება მოხდა, რა დროსაც რუსეთის ჯარები აქტიურად იყენებენ თვითმფრინავებს და ე.წ. FPV (first person view) დრონებს, ატარებენ თავდასხმის ოპერაციებს ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით.
მანამდე დასავლეთის ანალიტიკოსებმაც გაუსვეს ხაზი უკრაინისათვის სამხედრო დახმარების დაგვიანების გამო რუსეთისათვის შექმნილ ხელსაყრელ ვითარებას ფრონტის ზოგიერთ უბანზე.
უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების შეფერხებამ ხელი შეუწყო ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე რუსეთის შეტევის დაწყებას. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) წერს.
ცენტრის ანალიტიკოსების თანახმად, ამჟამად რუსეთის სამხედრო ძალები სულ მცირე სამ შეტევით ოპერაციას ატარებენ – ხარკოვის და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებებით, ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებული პუნქტის, რაბოტინოს რაიონში და დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის გარშემო.
· ოთხთვიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ, უკრაინის არმიის სარდლობამ 17 თებერვალს გამოაცხადა, რომ მიღებულია ავდეევკიდან გასვლის გადაწყვეტილება.
· დღეს, 19 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სრული კონტროლი დაამყარეს ავდეევკის კოქსის ქიმიურ ქარხანაზეც და საწარმოს შენობებზე რუსეთის დროშები აღმართეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ავდეევკიდან უკან დახევას განაგრძობენ.
· ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ძალები ავდეევკის მახლობლად ახალ თავდაცვით პოზიციებს დაიკავებენ, რასაც სავარაუდოდ, მოჰყვება ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთის შეტევის კულმინაცია.