ამერიკული გამოცემა The Hill-ის მიერ მოპოვებული წერილის თანახმად, რესპუბლიკელი დონორი და ტეხასელი ნავთობმაგნატი სტივ ნიკანდროსი კვლავ ლობირებს „მეგობარი აქტის“ წინააღმდეგ.
სტივ ნიკანდროსი არის თანადამფუძნებელი კომპანია „ფრონტერასი“, რომელიც თითქმის 25 წელი ფუნქციონირებდა საქართველოში და კახეთში ნავთობს ეძებდა. 2020 და 2021 წლებში კომპანიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის კონფლიქტი გაღრმავდა და საარბიტრაჟო დავაც მიმდინარეობდა, რომელსაც ქვეყანამ მილიონობით ლარი დაახარჯა. მოგვიანებით „ფრონტერას” შიგნით დაიწყო შიდაკორპორატიული დავები, რომლის ერთ-ერთ მოდავე მხარესაც სწორედ ნიკანდროსი წარმოადგენდა. საბოლოოდ, როგორც ჩანს, სწორედ ნიკანდროსის ჯგუფმა შეძლო საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების გამოსწორება.
„როიტერსი“ გასულ წელს წერდა, რომ „ფრონტერას” ინვესტორი კონგრესში „ოცნებისთვის” ლობირებს.
როგორც ცნობილია, ორპარტიული მხარდაჭერის მიუხედავად, „მეგობარი აქტის“ სენატში წინსვლას ბლოკავს რესპუბლიკელი სენატორი ოკლაჰომიდან მარკვეინ მალინი.
The Hill-ის თანახმად, ნიკანდროსს თანხები აქვს შეწირული მალინის კამპანიისთვის, მისი პოლიტიკური მოქმედების კომიტეტისთვის (PAC) და სხვა რესპუბლიკელი კანონმდებლებისთვის. მალინმა სექტემბერში The Hill-ს განუცხადა, რომ მისი წინააღმდეგობა „მეგობარი აქტის“ მიმართ არ იყო დაკავშირებული ნიკანდროსთან. თუმცა მალინის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებისადმი „ფრონტერას“ განწყობების კვალდაკვალ შეიცვალა. წარსულში, როდესაც „ფრონტერას“ საქართველოს ხელისუფლებასთან დავობდა, მალინიც „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი. ის ბიძინა ივანიშვილს „რუსეთში გაწვრთნილ ოლიგარქს“ უწოდებდა და 2020 წელს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება „ფრონტერას“ მაგალითზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის გაუარესებული ეკონომიკური კლიმატისა და გაუარესებული დემოკრატიისთვის გააკრიტიკა. თუმცა შარშან მალინმა განაცხადა, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ამტკიცებდა, რომ თბილისის მიმართ სანქციების „მათრახის“ ნაცვლად წახალისების „თაფლაკვერი“ უნდა გამოეყენებინათ.
The Hill-ის მიერ მოპოვებული ახალი წერილი აჩვენებს, რომ „ფრონტერას“ დამფუძნებელი კვლავ განაგრძობს „ოცნების“ ლობირებას. ნიკანდროსმა 19 იანვარს წერილი გაუგზავნა კანონმდებლებს თხოვნით, „წინააღმდეგობა გაუწიონ „მეგობარის აქტს“ და ნებისმიერ დამატებით კანონმდებლობას, რომელიც მის მოდელზეა შექმნილი“.
გამოცემის ცნობით, ნიკანდროსმა წერილი თავისი კომპანიის, TXN Energy Holdings Inc.-ის სახელით დაწერა. კომპანიის ვებგვერდზე მითითებულია იგივე მისამართი, რაც „ფრონტერა რისორსიზს“ აქვს.
ნიკანდროსი წერს, რომ მისი კომპანია ამზადებს ახალ, 100-მილიონიან საინვესტიციო პროგრამას საქართველოში, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ის ამტკიცებს, რომ „მეგობარის აქტი“ და თბილისის სანქცირების სხვა მცდელობები დააზიანებს საქართველოში მოქმედ ამერიკულ ბიზნესებს.
The Hill წერს, რომ ნიკანდროსმა თავისი მიმართვა წარმოადგინა, როგორც სექტემბერში წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ზოგიერთი რესპუბლიკელი წევრისთვის გაგზავნილი წერილის გაგრძელება. იმ წერილში მან მადლობა გადაუხადა წევრებს „ქართული ოცნების“ არაღიარების აქტის წინააღმდეგ ხმის მიცემისთვის. კანონპროექტი, ისევე როგორც „მეგობარი აქტი“ რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის ინიციირებული იყო.
The Hill-ის თანახმად, ნიკანდროსი, თავის წერილში, თბილისთან განხეთქილებაში ბაიდენს ადანაშაულებს და „ქართულ ოცნებას“ წარმოაჩენს, როგორც „კონსერვატიულ“ მოძრაობასთან მოკავშირეს.
„ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო წლის განმავლობაში, მისი ლიბერალური/პროგრესული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულმა ქმედებებმა და საქართველოს სუვერენულ, კონსერვატიულ მთავრობასთან იდეოლოგიური უთანხმოების საპასუხოდ, მნიშვნელოვნად დააზიანა მჭიდრო, ხანგრძლივი ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის“, — წერს ის.
ნიკანდროსმა წერილს ასევე დაურთო ექვსგვერდიანი „ანალიტიკური მასალა“, რომელიც, მისი რჩევით, ადრესატ კანონმდებელს შეუძლია გამოიყენოს სახელმძღვანელოდ.
The Hill-ის ინფორმაციით, ამ მასალაში ნიკანდროსი ეწინააღმდეგება საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს, რომ საპარლამენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ის ასევე იცავს „ქართული ოცნების“ მიერ კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური აგენტების“ კანონის მიღებას, რომელიც სჯის სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს უცხოური დაფინანსების მიღების გამო. ის ასევე ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ტრამპის ადმინისტრაციის იდეოლოგიური მოკავშირეა და მხარდაჭერას იმსახურებს.
ამ თემაზე:
· The Hill: სენატის უმრავლესობის ლიდერმა დაბლოკა MEGOBARI აქტის თავდაცვის აქტში შეტანა
· „ფრონტერას” ინვესტორი კონგრესში „ოცნებისთვის” ლობირებს – Reuters
· რაუფოღლუს ცნობით, MEGOBARI ACT-ს აქტიურად ეწინააღმდეგება სენატორი, რომელიც წარსულში „ფრონტერას” გამო „ოცნებას” აკრიტიკებდა
· ტალიაშვილი შეხვდა სენატორს, რომელიც „მეგობარი აქტს“ ბლოკავს
· ყველაფერი „ფრონტერასა“ და მასთან დავაზე
· ნავთობზე დავა გრძელდება: ორი „ფრონტერა“ ერთის ნაცვლად?




