თუ ისრაელსა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება წარმატებული იქნება, ეს ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს.
„მივესალმები ამერიკის პრეზიდენტის მოწოდებას თანმიმდევრული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. თუ ეს ცეცხლის შეწყვეტა შედეგს გამოიღებს, ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის გადამწყვეტი სამხედრო დარტყმების შემდეგ, ეს მოვლენების პოზიტიური განვითარება იქნება. ის ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის“, – წერს ფრიდრიხ მერცი X-ზე.
მერცმა მხარეებს მოუწოდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას პატივი სცენ.
„ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ჰააგაში დღეს დაგეგმილი ნატო-ს სამიტის ფარგლებში, განვიხილავთ იმას, თუ როგორ შეგვიძლია სიტუაციის შემდგომი სტაბილიზაცია“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
შეგახსენებთ, დღეს ღამით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ გამოაცხადა. მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში დღეს დილით შევიდა.
