ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე გერმანიისა და ჩვენი ევროპელი მეგობრების სრული მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ შემდგომი ნაბიჯები შევათანხმეთ. ახლა უკრაინას სამშვიდობო გეგმა სჭირდება“, – წერს მერცი X-ზე.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტთან, ევროპელ ლიდერებთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან „ნაყოფიერი საუბარი“ ჰქონდა.
„უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავადასტურე. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ჰუმანიტარული დახმარებისა და სამხედრო დახმარების გაგზავნას“, – განაცხადა სტარმერმა.
ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის თქმით, ომის დასასრულებლად მუშაობა გრძელდება.
„უკრაინელებზე მეტად ამ ომის დასრულება არავის სურს. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მტკიცეა. ეს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას, უსაფრთხოების გარანტიებს, ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო პროცესს გულისხმობს“, – აღნიშნა სტუბმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას განცხადებით, მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე ევროპელ ლიდერებთან „უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებისა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის საკითხებს განიხილავს“.
