ფრიდონ ინჯია და „ქართული ოცნების“ დეპუტატები გიორგი გაბიტაშვილისგან ე.წ. სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტის მუშაობით დაინტერესდნენ

„ქართული ოცნების“ დეპუტატები და ასევე, „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ფრიდონ ინჯია, გენერალური პროკურორობის კანდიდატისგან, გიორგი გაბიტაშვილისგან ე.წ. სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტის მუშაობით დაინტერესდა. გაბიტაშვილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.
როგორც დეპუტატების ნაწილი აცხადებს, ე.წ. სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი დღემდე მუშაობს მოქალაქეებისთვის იმ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნებაზე, რომელიც მათი ინფორმაციით, 2012 წლამდე უკანონოდ ჩამოერთვათ.
ამასთან, როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, ამ მიმართულებით საჭიროა კიდევ უფრო მეტი მუშაობა და გააქტიურება.
“ვიცით, რომ 2012 წლის შემდეგ პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, სამართლიანობის აღდგენის კუთხით. დაახლოებით მაინც თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა რაოდენობის ქონების დაბრუნებაზეა საუბარი? რა პროგრესია ამ კუთხით? არაერთი წერილი მაქვს მიღებული მოქალაქეებისგან, განსაკუთრებით, ამ სამართლიანობის აღდგენის კუთხით. ვიცით, რომ ბევრი მოქალაქე აღდგა მის უფლებაში, თუმცა ჩვენი არაერთი მოქალაქეა, რომელიც დღემდე არის იმ პროცესის ნაწილი, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია. მათი შეფასებით, ეს უკმაყოფილებას იწვევს და საჭიროა კიდევ უფრო მეტი მუშაობა“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან, როგორც უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა, კახი კახიშვილმა აღნიშნა, 2012 წლამდე იყო ძალიან სერიოზული მოლოდინი, რომ 2012 წლის ს შემდეგ სიტუაცია შეიცვლებოდა და ადამიანები ქონებებს დაიბრუნებდნენ.
„მიმდინარეობს ინტენსიურად გამოძიება, ნაწილს ქონება დაუბრუნდა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ქონება არ დაჰბრუნებია. მათმა ნაწილმა, ვერ შეძლო საკუთარი უფლებების დაცვა. ამავდროულად, ვიცით საქმეები, სადაც ყალბი ადმინისტრაციული აქტებით მოხდა ჩამორთმევა. ერთი მხრივ ხდებოდა ქონების ჩამორთმევა და იყო ასევე ფაქტები, როცა ყალბი ადმინისტრაციული აქტები იქნებოდა ქონების გადასაცემად. ამ კუთხით პრობლემურია ქონების დაბრუნება. იქნებ ერთიანად შევიმუშაოთ. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს როგორ წაართვეს ქონება?!“- განაცხადა კახიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გახარიას ბარიერის გადალახვის შანსი ნულოვანი აქვს, ხაზარაძემ შეიძლება გადალახოს, შეიძლება ვერა, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, მოსახლეობას მათი ცოდვები შევახსენოთ, რომ თუნდაც ერთი ხმაც ვერ მიიღონ