“ფრენისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული კლიმატური პერიოდია” – რა ღირს საჰაერო ბურთით ფრენა?

წელს საქართველოში საჰაერო ბურთით ფრენისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული კლიმატური სეზონია – ამის შესახებ კომპანიის Air Balloon Tbilisi დირექტორმა, მეა კაპანაძემ გადაცემაში „ქალების ნარატივი“ BMGTV-ს ეთერში ისაუბრა.
კაპანაძის თქმით, წლევანდელი სეზონი პირდაპირი დაბრკოლებაა კომპანიისთვის, რადგან ამინდი გადამწყვეტ როლს ასრულებს ფრენის შესაძლებლობაზე. მიუხედავად ამისა, კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, თუმცა პროტოკოლს ზედმიწევნით მიჰყვება.
„ვმუშაობთ ყოველდღე. სამუშაო საათებიც საკმაოდ ხანგრძლივია, მაგრამ ფრენის შესაძლებლობას მხოლოდ და მხოლოდ ამინდი იძლევა. ჩვენი მკაცრი პროტოკოლი კი არ გვაძლევს საშუალებას, რომ რაიმე გადახვევა დავუშვათ დადგენილი სტანდარტებისგან და რისკის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოება“, – აღნიშნა მან.
მიუხედავად სირთულეებისა, კაპანაძე წლევანდელ წელს პოზიტიურად აფასებს. როგორც იგი ამბობს, კომპანიამ არაერთი ახალი პარტნიორი მოიპოვა, მათ შორის – საერთაშორისო ტურისტული კომპანიებიც.
„მანამ სანამ ტურისტული ჯგუფი საქართველოში ჩამოვიდოდა, უკვე ამ პროგრამაში შეყვანილი ჰქონდათ ჩვენი კომპანია. საჰაერო ბურთის მდებარეობას იმდენად მდიდარი და სანახაობებით გაჯერებული სივრცე აქვს, რომ ერთ-ერთი აუცილებელი სანახაობის სიაში დამაჯერებლად უჭირავს ადგილი“, – განმარტა მან.
მისივე ცნობით, კომპანიის მომხმარებელთა 75% უცხოელი ტურისტია, თუმცა მზარდია ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობაც. სწორედ ამის პასუხად, კომპანია ახალი ინიციატივით გამოდის – ვირტუალური რეალობის (VR) ტური, რომელიც უამინდობისას და სიმაღლის შიშის მქონე ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი.
„პროექტზე უკვე თითქმის ერთი წელია ვმუშაობთ. ვირჩევდით ხარისხიან ტექნოლოგიურ ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ტექნიკურ, ისე შინაარსობრივ ნაწილს. მომხმარებელს საშუალება ექნება, დღის ან ღამის ხედები დაათვალიეროს და ადგილობრივი გიდისგან მნიშვნელოვანი ლოკაციების შესახებ ინფორმაცია მიიღოს“, – განაცხადა კაპანაძემ და დასძინა, რომ სერვისის ამოქმედება ზაფხულში იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ კომპანია დაბალ სეზონზე 10:00 საათიდან 00:00 საათამდე მუშაობს, ხოლო მაისის ბოლოდან გვიან შემოდგომამდე, სამუშაო საათები 09:00 საათზე იწყება და ღამის 03:00 საათამდე გრძელდება.
რაც შეეხება ფასებს, უცხოელებისთვის სტანდარტულად 60 ლარია გადასახადი, 14 წლამდე ასაკის მოზარდისთვის 35 ლარი, ხოლო 3 წლამდე ბავშვისთვის უფასოა. საქართველოს მოქალაქეებისთვის, ზრდასრულებისთვის საჰაერო ბურთით ფრენა 45 ლარი ღირს, 14 წლამდე მოზარდებისთვის 35 ლარი, ხოლო 3 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა. ასევე მოქმედებს საოჯახო პაკეტები და 25%-30%-იანი ფასდაკლების დღეები.
მეა კაპანაძის ინფორმაციით, გონდოლა მაქსიმუმ 30 ადამიანს იტევს, თუმცა კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საშუალოდ 15 ადამიანის მიღება ხდება. ფრენისას თუ რამდენი ადამიანი უნდა აიყვანოს გონდოლაზე, გადაწყვეტილებას იღებს კომპანიის კვალიფიციური პილოტი.
დასასრულს, კაპანაძემ აღნიშნა, რომ კომპანიის სამომავლო გეგმებში გაფართოებაც შედის.