ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტენდზე სინდისის პატიმრები იქნებიან

საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წელს პირველად წარადგენს ახლად დაარსებული საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაცია.

წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 15-19 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს სტენდზე სინდისის პატიმრების ფოტოები იქნება წარმოდგენილი.

„2025 წლის ოქტომბერში ერთი წელი შესრულდება საქართველოს საპარლამენტო დან, რომლის გამოცხადებულმა შედეგებმა ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. გაყალბებულ არჩევნებად მიჩნეული შედეგების გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროპული კურსიდან, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანიდან გადაუხვია და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ საჯაროდ განაცხადა.

პროტესტმა, რომელიც დღემდე გრძელდება, რამდენიმე თვის განმავლობაში უწყვეტი მასობრივი აქციების სახე მიიღო, სადაც ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობს. პროტესტის ჩახშობის მცდელობისას პოლიციამ სასტიკად იძალადა მოქალაქეებზე – მომიტინგეები სცემეს, დააკავეს, აწამეს, ხოლო ათეულ ადამიანს სარწმუნო მტკიცებულებების გარეშე მძიმე ბრალდებები წაუყენეს. დაკავებულთა შორის არიან კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები. 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში თითქმის 70 სინდისისა და პოლიტიკური პატიმარია, რომელთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

ტრადიციულად, პროტესტის წინა ხაზზე მდგომი ქართველი გამომცემლები, მწერლები, მთარგმნელები და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს მოსახლეობის შეუპოვარ ბრძოლას სამართლიანობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა და საქართველოს კოლექტიური სტენდის წარდგენაც სწორედ ამ მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატულებაა.

სტენდის თემატიკაც – Georgian Characters Standing up for Democracy and Freedom – საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის ამსახველი და გამომხატველია“ – ნათქვამია საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაციის პრესრელიზში.

ვრცლად