„ფრანკფურტთან პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლება დამატებითი სტიმულია გერმანიასთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვისთვის“ – თამარ იოსელიანი

„ფრანკფურტთან პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლება დამატებითი სტიმულია გერმანიასთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვისთვის“ – თამარ იოსელიანი
გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines 2026 წლის 15 ივნისიდან ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განმარტებით, 2-წლიანი ინტერვალის შემდეგ ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე დაბრუნება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ავიაციისა და ტურიზმისთვის. „მაინის ფრანკფურტი, როგორც საერთაშორისო საავიაციო ჰაბი, ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულებაა – ტრანსატლანტიკური ტრანზიტული მიმართულებები საქართველოს ბაზრისთვის დამატებითი შესაძლებლობა გახდება. ამ ავიამიმოსვლით საქართველო შეძლებს გერმანიასთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და ეს ასევე დამატებითი სტიმული იქნება ტურისტული ნაკადების მოზიდვისთვის. აღსანიშნავია, რომ გერმანიიდან საერთაშორისო ვიზიტორთა ციფრი ყოველწლიურად მზარდი დინამიკით ხასიათდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის გერმანია, ჩვენთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ, სამიზნე მიმართულებას წარმოადგენს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მისი შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ, რათა გვქონდეს მეტი პირდაპირი ფრენა და გვყავდეს მეტი ტურისტი ,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე 2022-2023 წლებში ოპერირებდა და თბილისი-ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორჯერ ასრულებდა. Condor Airlines 1955 წლიდან ოპერირებს და მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. დღეს ავიაკომპანია ფრენებს 81 მიმართულებით ახორციელებს არა მხოლოდ ევროპის, არამედ აფრიკის, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მიმართულებით, ავიაკომპანია დაფრინავს კარიბისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებშიც.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს