ფრანგ ფოტოგრაფს, ფრანსის პრიმერსკის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის უფლება გაუუქმეს.
ფრანსის პრიმერსკი სოციალურ ქსელში ორი ბრძანების ასლს აქვეყნებს, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 9 მარტს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაგრძელების შესახებ დადებითი გადაწყვეტილება ჩაბარდა.
დოკუმენტში უწყება უთითებს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2027 წლის 9 მარტამდე გაუგრძელდა.
თუმცა, რამდენიმე დღეში ფრანსის ნიკოლას პრიმერსკს ახალი გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს.
25 მარტს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაგრძელებაზე 2 კვირის წინ მისივე მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.
„გადაწყვეტილებაში მითითებული უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ გაცემული საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2026 წლის 25 მარტიდან“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ეს არის მიწა, რომელმაც მიმიღო. ხალხი, რომელმაც კარი გამიღო, სახეები, მეგობრობა და მომენტები, რომლებმაც ღრმად შემცვალეს.
აქ მე მხოლოდ ცხოვრება არ ამიშენებია აქ მე კავშირი შევქმენი. ეს ქვეყანა შეგნებულად ავირჩიე. გულწრფელად ჩავერთე მის ცხოვრებაში ადამიანურად, კულტურულად. ვცდილობდი, ჩემი გზით, გამეტანა მისი ხმა და სილამაზე მის ფარგლებს გარეთ, პატივისცემით, აღფრთოვანებით და სიყვარულით.
ამ ქვეყნისადმი პატივისცემით, და იმ ადამიანების მიმართ, ვინც აქ მხარში მედგა, დავიწყებ სამართლებრივ ბრძოლას. ბოლომდე წავალ, საჭიროების შემთხვევაში სტრასბურგამდეც, ადამიანის უფლებათა სასამართლომდეც.” – წერს ფრანსის პრიმერსკი.




