ფოტორეპორტიორმა ვახო ქარელმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო საგამოძიებოს მიმართა

მედია „აპრილის“ ფოტორეპორტიორმა ვახო ქარელმა პოლიციის მიერ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას მედია „აპრილი“ ავრცელებს.
ვახო ქარელი დღეს, 13 ნოემბერს, თბილისში ქალთა საპროტესტო მსვლელობას აშუქებდა, რა დროსაც ის პოლიციამ ძალის გამოყენებით გადაიყვანა გზიდან.
„გზის სავალი ნაწილი იყო გადაკეტილი და კუთხეში, მანქანის სიახლოვეს ვიდექი მეც, ისევე, როგორც მედიის სხვა წარმომადგენლები. პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, სავარაუდოდ, ადგილზე გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა, ლაშა სალუქვაძემ რატომღაც გადაწყვიტა, რომ მედიას არ უნდა ემუშავა, და ხელს გვიშლიდა. კითხვაზე, რატომ უნდა გადავსულიყავი გადაკეტილი ქუჩიდან, ვის ან რას ვაფერხებდი, არ მიპასუხა და ძალით სცადა ჩემი გადაყვანა”, — აცხადებს ვახო ქარელი.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე