“ქართული ოცნება” ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის და ეს ევროკავშირისგან საპასუხო ქმედებებს გამოიწვევს- ასეთ კომენტარს აკეთებს “ამერიკის ხმასთან” ე.წ უცხოეთის აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა. ის ამბობს, რომ თუ “ქართული ოცნება” საქართველოს მოსახლეობას არ მოუსმენს და “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მიიღებს, მაშინ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეწყდება. ევროპარლამენტარი არც სანქციების დაწესებას გამორიცხავს საქართველოს მთავრობის წევრებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის
დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენითაც მიიღო ე.წ “უცხოეთის აგენტების” კანონი. ვიცი, რომ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვინც ამ კანონს ეწინააღმდეგება. აგვიხსენით, რატომ არის ევროპარლამენტი ამ კანონმდებლობის წინააღმდეგი?
პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ჩვენ [ევროპარლამენტარები] სხვადასხვა საკითხზე განსხვავებულ აზრს წარმოავადგენთ და ყოველთვის ყველაფერზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით, როგორც წესი, კონსენსუსი გვაქვს და ეს კენჭისყრაზეც გამოჩნდა, როდესაც უმეტესობამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
ეს [ერთობა] ალბათ იმდენად კანონპროექტს არ მიემართება, რამდენადაც იმას, როგორ აღვიქვამთ ქართველი ხალხის ნებას. ეს ნება კი, ჩვენი შეფასებით, სრულიად ნათელია. გასულ წელს ისინი შეეწინააღმდეგნენ ამ კანონს, მათ გადაწყვიტეს, რომ ეს საქართველოსთვის არასწორი იყო, რომ ის იმეორებდა სწორედ პუტინის ქმედებებს, როდესაც [კანონპროექტი] რუსეთში წარადგინეს. ქართველი ხალხის უმეტესობა წინააღმდეგია, რომ ამ არეალში რუსული გავლენა არსებობდეს.
ჩვენ მივყვებით ქართველი ხალხის სურვილს. გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებინა მივიღეთ იმიტომ, რომ ჩვენ ვაღიარეთ, ასე ვთქვათ, ქართველი ხალხის სიჯიუტე და ძალიან მკაფიო პოზიცია- მათი უფლება, მიიღონ გადაწყვეტილება, მათი უფლება, დაუკავშირონ თავიანთი ქვეყნის მომავალი დასავლურ სტრუქტურებს და კოლექტიურ დასავლეთს.
ჩვენი აზრით, ჩემი აზრით, ე.წ “უცხოეთის აგენტების” კანონი “ქართული ოცნების” მხრიდან არა მარტო ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლაა, არამედ აჩვენებს კონკრეტულ სურვილებს [საქართველოს მთავრობის მხრიდან], უფრო მეტად დაუახლოვდეს რუსეთის ფედერაციას, ვიდრე დასავლეთს.
დემონსტრაციები, რომელიც აპრილში დაიწყო და დღემდე გრძელდება, სადაც ათასობით ქართველი გამოდის, არის სახელმძღვანელო ყველასთვის, ჩვენთვის- როგორ მოვექცეთ მთავრობის მცდელობას, შეეწინააღმდეგოს ხალხის სურვილს.
როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ქართველი ხალხი ამის წინააღმდეგი ერთი წლის წინაც იყო. ასევე ეწინააღმდეგებოდნენ მას საქართველოს დასავლელი პარტნიორებიც. როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტა “ქართულმა ოცნებამ” ამ კანონპროექტის დაბრუნება მაშინ, როდესაც იცოდნენ, რა პასუხი მოყვებოდა მას პარტნიორებისგან და ქართველი ხალხისგან?
ჩვენ ძალიან ვღელავთ. ვცდილობთ, რომ სიტუაციას საქართველოში ზედმიწევნით მჭიდროდ მივადევნოთ თვალი და შევაფასოთ ის. დარწმუნებულები არ ვართ, რომ საქართველოს მთავრობა მიჰყვება თავისი ხალხის სურვილს, ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების საქმეში. ამ ყველაფრის უკან მე ვიტყოდი, რომ რაღაც კიდევ იმალება.
ქართველი ხალხის ნება ძალიან, ძალიან ნათელია. მაგრამ ჩვენ ურთულეს მდგომარეობაში ვართ, რადგან სწორედ მთავრობა უნდა უძღვებოდეს [ევროკავშირში] გაერთიანების პროცესს და უნდა მიანიშნებდეს გზაზე, რომელიც საქართველოს ამ გამოსავალთან მიიყვანს.
ახლა ვფიქრობ, რომ ხალხის ზეწოლის გამო, შესაძლოა [მთავრობის] დამოკიდებულება შეიცვალოს და სიტუაცია მოგვარდეს, ამის იმედი გვაქვს. თუმცა, მდგომარეობა საკმაოდ რთულია.
თქვენ ზეწოლა ახსენეთ. ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელსაც უმეტესობამ მისცა ხმა, იყო თუ არა ეს ზეწოლის ნაწილი?
მე ვიტყოდი, რომ ეს უფრო მეტად ჩვენი ღრმა შეშფოთების გამოხატვა იყო. ჩვენ არ გვსურს ზეწოლა მოვახდინოთ ქვეყანაზე, რომელიც სუვერენულია და რომელმაც გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოს. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ ხალხის მიერ გადაწყვეტილების მიღების და მათი ნების გამოხატვის აუცილებლობას. ჩემი აზრით, ქართველი ხალხის ნება საკმაოდ ნათელია. ხალხს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, სურთ, რომ საქართველო დასავლური ქვეყნების ბლოკში იხილონ, კოლექტიური დასავლეთის ნაწილად.
ევროპარლამენტმა ამ რეზოლუციაში ასევე ორი შესწორება შეიტანა. მათგან ერთი ეხებოდა ჩვენს შეფასებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ. სტრასბურგში ამ დროს სტუმრად გვყავდნენ დედამისი გიული ალასანია, ნიკა გვარამია და მისი უახლოესი მეგობრები, რომლებმაც სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს.
მეორე შესწორება კი ეხებოდა სანქციებისკენ მოწოდებას, შემზღუდველი ზომების დაწესებას ქართველი ოლიგარქისთვის. ჩვენი აზრით, მას უმაღლესი გავლენა აქვს მთავრობის ქმედებებზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული. ვგულისხმობ, ბიძინა ივანიშვილს.
სწორედ მასზე მინდოდა მეკითხა. რადგან მისი სახელი ხაზგასმითაა რეზოლუციაში ნახსენები და ის სანქციების სამიზნედაა მოხსენიებული, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ევროპაში მას ამ კანონპროექტის და საქართველოში განვითარებული მოვლენების შემოქმედად მოიაზრებენ?
ვფიქრობ, შეგვიძლია, რომ ეს ასეც ავხსნათ, დიახ. ვფიქრობთ, რომ ადამიანი, რომელიც ფარდის უკან დგას, მითუმეტეს ახლა, როდესაც ფორმალურად ის პარტიის საპატიო პრეზიდენტია [ივანიშვილია]. ჩვენ უკვე წლებია მის ქმედებებს ვაკვირდებით. რეზოლუციაში არსებული დებულება უბრალოდ იმეორებს ჩვენს მოწოდებებს წარსულიდან.
შეგიძლიათ გვითხრათ, რა კონკრეტულ ქმედებებში შეიძლება გამოიხატოს რეზოლუცია საქართველოსთვის, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო? მას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და სავალდებულო არაა, თუმცა როგორ ფიქრობთ, არის თუ არა შანსი, რომ ის რაიმე უფრო მეტი გახდეს, არის თუ არა რამე, რისიც მთავრობას უნდა ეშინოდეს სანქციების კუთხით? ასევე, მინდა ვიზალიბერალიზაციაზე და კანდიდატის სტატუსზე გკითხოთ, მოუწევს საქართველოს ამ პროცესების თავიდან გავლა?
მე ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების მომხრე ვარ. ჩემი პოზიცია ძალიან ნათელია. მე მხარს ვუჭერ შემზღუდველი ზომების შემოღებას, ოღონდ მათზე, ვინც ხალხის სურვილის წინააღმდეგ წავიდა და არა თავად ხალხზე. ასე რომ [საქართველოს] მოქალაქეებისთვის [ევროპაში] მოგზაურობის შეზღუდვა იმის საწინააღმდეგოა, რასაც ვამბობ და რასაც სწორად ვთვლი ჩვენი მხრიდან საქართველოს სავიზო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ევროპარლამენტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის. ჩვენი რეკომენდაციებისთვის ბევრჯერ მოუსმენიათ [ევროკავშირში]. ევროპარლამენტი ხშირად ყოფილა და დღემდეა განმსაზღვრელი რუსეთის მიმართ მოქმედი სავიზო პოლიტიკის. ჩვენ ადრიანად გავავრცელეთ გაფრთხილება რუსეთის აგრესიული ქმედებების შესახებ და მართლები ვიყავით მათ შეფასებაში.
ამ რეზოლუციის როლი მსგავსია [იმის, რაც რუსეთთან მიმართებაში იყო] როგორც გადაწყვეტილებების მიმართულებით, ისე ევროკავშირში ასოცირების მოლაპარაკებებისა და სანქციების, კონკრეტულად კი მიზნობრივი სანქციების მიმართულებით. მიზნობრივი სანქციები მაგნიტსკის აქტის ფარგლებში ხორციელდება და ის ევროსაბჭოს ექვემდებარება. სანქციების დასაწესებლად არსებობს ხელშეკრულების დებულებები, რომლებიც უნდა მივიღოთ, თუმცა გადაწყვეტილება უნდა იყოს ერთხმად მიღებული საბჭოს ფარგლებში.
ასე რომ [სანქციების დაწესება] რთული პროცედურაა, მაგრამ ევროპარლამენტი აქ მნიშვნელოვანი ხმაა იმისთვის, რომ ევროკავშირის სხვა სტრუქტურებს მისცეს რჩევები.