„ფორმულის“ პროდიუსერი აქციებთან დაკავშირებით კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა

ტელეკომპანია „ფორმულის“ საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი ხათუნა საღინაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაიბარეს. დეტალები მისთვის უცნობია.
„კრიმინალური პოლიციიდან დამირეკეს, გამოკითხვაზე გიბარებთო… მითხრეს, რომ აქციებს უკავშირდება, დეტალებს რომ მოხვალ, გეტყვითო“, – ამბობს საღინაძე.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომელს, რომელიც „ფორმულის“ პროდიუსერს ესაუბრა. კაცმა, რომელმაც დაადასტურა, რომ -ს თანამშრომელია, არ ისურვა საუბარი და, შესაბამისად, არ დაასახელა საქმე, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტი დაიბარეს გამოკითხვაზე.
გამოკითხვაზე დაბარების შესახებ უწყება ჩაბარდა „აგენტების კანონის“ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ლაშა დიაროვსაც. 17 მაისით დათარიღებულ დოკუმენტში წერია, რომ ის დაბარებულია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი გამომძიებლის მიერ.
ოფიციალურ დოკუმენტში წერია მხოლოდ საქმის ნომერი და არა – შინაარსი ან სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი, რომლითაც გამოსაკითხ ადამიანს წარმოდგენა შეიძლება შეექმნას საკითხთან დაკავშირებით. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურსაც, მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი გურო იმნაძე გამოსაკითხად დაბარებულ მოქალაქეებს რამდენიმე რჩევას აძლევს:
· ტელეფონზე საუბრის დროს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციის მიღება სცადონ გამომძიებლისგან – რა საქმეა, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რა თარიღში ჩადენილ დანაშაულზე და ა.შ.
· გამოკითხვაზე მისვლა ნებაყოფლობითია – უარის თქმის შემთხვევაში გამომძიებელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და ასე სცადოს პასუხების მიღება. სასამართლოში მისვლა სავალდებულოა;
· ჩვენების მიცემის დროს სიფრთხილე გამოიჩინონ – „მხოლოდ ის თქვათ, რაც ზუსტად და მკაფიოდ გახსოვთ, რომ დაინახეთ/მოისმინეთ“;
· უმჯობესია, გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მიხვიდეთ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”