2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა – შემზარავი ამბის მოწმე გახდა – 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
როგორც გაირკვა, პოლიციელმა ბავშვი საკუთარი კორპუსის ეზოდან გაიტაცა და გადამალვის მიზნით გარდაბნის რაიონის სოფელ მუხრანთელეთის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა.
დაკარგვიდან ერთ საათში გამტაცებელი ბავშვის მამას ტელეფონით დაუკავშირდა და გამოსასყიდი თანხა – 10.000 დოლარი მოითხოვა, თან გააფრთხილა, რომ სამართალდამცველებს ინფორმაციას თუ მიაწვდიდა, შვილს ცოცხალს ვეღარ ნახავდა. მუქარის მიუხედავად, ოჯახის წევრებმა მისი მოთხოვნა არ შეასრულეს, რის შემდეგაც გამტაცებელმა ბავშვი სასტიკად აწამა და მოკლა, გვამის მოშორება კი თავის 17 წლის ვაჟს, კახას დაავალა.
ჯემალ სამადაშვილი იმავე ღამეს დააკავეს. სასამართლომ გატაცებისა და სასტიკი მკვლელობის ჩადენისთვის პოლიციელს თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიუსაჯა,- არასრულწლოვან კახა სამადაშვილს კი მძევლად ხელში ჩაგდებისა და ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის ბრალდებით 12 წლით პატიმრობა შეუფარდა. აღშფოთებული მეზობლები და ახლობლები სამადაშვილის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდნენ.
ბიჭის მშობლებისთვის დღემდე გაურკვეველია, რატომ მოკლეს მათი ერთადერთი შვილი. ოფიციალური ვერსიით, ბავშვი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს, მაგრამ რეალურად მკვლელობის მოტივს პასუხი ვერ გაეცა.
43 წლის ჯემალ სამადაშვილისა და მისი მსხვერპლის ოჯახი გვერდიგვერდ სადარბაზოში ცხოვრობდნენ. იმ პერიოდში სამადაშვილი მეცნიერებათა აკადემიის დაცვის თანამშრომელი იყო. მკვლელობის მოტივად ანგარიშსწორება გამოირიცხა, ფულის გამოძალვის მიზნით ბავშვის გატაცებაც თითქმის დაუჯერებელი ვერსია იყო, რადგან ბიჭის მშობლები ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. გამოძიებამ სხვა ორ ვერსიაზეც იმუშავა, კერძოდ, სამადაშვილი მანიაკი იყო ან ბავშვის მკვლელობა რიტუალური მოტივით მოხდა.