ფონდების წარმომადგენელთა ჩხრეკა ობიექტური გამოძიებისთვისაც კი არაა მიზანშეწონილი საგამოძიებო ღონისძიება – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, 29 აპრილს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ფონდების ყოფილ და მოქმედ ხელმძღვანელებთან აჩენს ბევრ პროცედურულ და სამართლებრივ კითხვას. მათ შორის იმას, თუ რატომ ჩატარდა ჩხრეკა განჩინების გამოცემიდან 3 კვირაზე მეტი ხნის შემდეგ ასევე, რატომ არ დაასწრეს მას ადვოკატები.
საიას შეფასებით, ამ ფაქტორების გამო ჩხრეკა ვერ ჩაითვლება მიზანშეწონილ საგამოძიებო მოქმედებად იმ დაშვებითაც კი, თუ ჩავთვლით, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული არაა.
“ჩხრეკა-ამოღება ჩატარდა სასამართლოს მიერ განჩინების გაცემიდან 3 კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, რაც საგამოძიებო მოქმედების მყისიერებას და საგამოძიებო მიზნობრიობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ პირობებში, როდესაც რიგ შემთხვევაში 29 აპრილს ჩხრეკის პროცესს არ დაასწრეს ადვოკატები. საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სამართალდამცავები საცხოვრებელ სახლებში უკვე შესულები იყვნენ და საგამოძიებო მოქმედებები დაწყებული ჰქონდათ, მანამ, სანამ მოქალაქეები სრულად გაეცნენ განჩინებას და მათთან მივიდნენ ადვოკატები. მეტიც, მარიამ ბაჯელაძის განცხადებით, საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა მოატყუეს, რომ იყვნენ მეზობლები […] იმის გათვალისწინებითაც, რომ 1 თვეზე მეტია გასული ფონდების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებიდან და ანგარიშების დაყადაღებიდან, 29 აპრილს, დილით, ხსენებული პირების სახლებში მისვლა და ჩხრეკა-ამოღების ჩატარება „ქართული ოცნების“ ტერორის კიდევ ერთ გამოხატულებას წარმოადგენს და ობიექტურად მიმდინარე გამოძიების პრეზუმპციითაც კი ვერ შეფასდება, როგორც მიზნშეწონილი საგამოძიებო ღონისძიება”, – წერია საიას განცხადებაში.
გუშინ, 29 აპრილს, პროკურატურამ ჩხრეკა ჩაატარა ექვს სხვადასხვა მისამართზე, სადაც ფონდების წარმომადგენლები და აქტივისტები ცხოვრობენ. აქამდე არსებული პრაქტიკით, პოლიციელები მოქალაქეთა საცხოვრებელ სახლებში გამთენიისას მივიდნენ და შესვლა მოტყუებით სცადეს. პოლიციელები მათ ატყუებდნენ, რომ არ ჰქონდათ გადაღების უფლება და წაართვეს მობილური ტელეფონები. გარდა ამისა, ისინი არ დაელოდნენ ადვოკატების მისვლას და ჩხრეკა მათ გარეშე დაიწყეს.
პროკურატურის ინფორმაციით, “საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში” ჩხრეკა ჩატარდა ხუთი ფონდის წარმომადგენლის საცხოვრებელ სახლში:
· “ნანუკას ფონდი” – ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის სახლებში;
· “ფროსფერითი 24/7” – ლაშა არველაძის სახლში;
· “ფონდი ერთმანეთისთვის” – გუგა ხელაიას სახლში;
· “სირცხვილია” – მარიამ ბაჯელიძის სახლში;
· “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” – ალეკო ცქიტიშვილის სახლში.
ამავე თემაზე:
· რას ჰყვებიან ადამიანები, რომელთა სახლებშიც ჩხრეკა ჩატარდა