ფოთის ურბანული გარემო ძირითადად ხასიათდება განაშენიანების დაბალი სიმჭიდროვით – ამის შესახებ აღნიშნულია ფოთის განვითარების ხედვის დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტის თანახმად, კვლევითი ეტაპის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ გარდა განაშენიანებისა, ადგილზე შეინიშნება საზოგადოებრივი, კულტურული და კომერციული ტიპის ობიექტების სიმცირე ცენტრალური უბნების კონკრეტულ არეალებში.
„ზღვის, ტბისა და მდინარეების სანაპირო ზოლებში განაშენიანება არ არის განვითარებული. ძირითადად, ამგვარი ტერიტორიები, გრინფილდებით, ბრაუნფილდებით, მოქმედი საწარმო ტერიტორიებით და იშვიათად, სარეკრეაციო სივრცეებითაა წარმოდგენილი.
გამოიკვეთა პორტის, საწარმო და სასაწყობე ინფრასტრუქტურის სიახლოვე ქალაქის საცხოვრებელი უბნების მიმდებარედ, რაც ხშირად პრობლემურ არეალებს წარმოქმნის. ძირითადად ასეთი სივრცეები კუნძულის ჩრდილოეთით, პორტის მიმდებარედ და ნაბადის უბანშია წარმოდგენილი, სადაც ინდუსტრიული განვითარება უშუალოდ ესაზღვრება საცხოვრებელს. კერძოდ, უნდა აღინიშნოს: მდ. რიონის სანაპიროზე მდებარე ნაგავსაყრელის სიახლოვე განაშენიანებასთან, ნავთობის ტერმინალის მიჯნა მრავალბინიან განაშენიანებასთან, რკინიგზის სადგურთან არსებული უბნის ხმაურით დაბინძურება და ჰაერის დაბინძურება თევზის ქარხნების სიახლოვეს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
გარდა ამისა, ფოთის განვითარების ხედვის დოკუმენტში საუბარია ფოთში არსებულ სოციალურ და დემოგრაფიული პრობლემებზეც. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ადგილზე ცალსახად გამოვლინდა მოსახლეობის სტაბილური კლება, დაბალი შობადობა, დემოგრაფიული დაბერება და ეთნიკური ჰომოგენიზაცია, ამავდროულად კრიმინოგენური ფონი ქალაქში დაბალია.
„სოციალური ინფრასტრუქტურისა და სერვისების მხრივ ქალაქი ფოთი არათანაბრადაა განვითარებული. ასე მაგალითად, კუნძულისა და ცენტრის უბნები უკეთესი პირობებით სარგებლობენ პერიფერიებთან შედარებით. სოციალური ინფრასტრუქტურის არაპროპორციულ განთავსებასთან ერთად ასევე არსებობს გარკვეული კომპონენტების დეფიციტიც, ყველაზე თვალსაჩინო მათ შორის, ფოთში სამშობიაროს არარსებობაა.
ამასთანავე, ფოთში ფიქსირდება ახალი სოციალური ინფრასტრუქტურის მოწყობაც, ახალი ბაღებისა და სპორტული ობიექტების სახით – მაგ. საცურაო კომპლექსი ცენტრის უბანში. აქვე უნდა აღინიშნოს შიდასაუბნო სარეკრეაციო და სპორტული ობიექტების მოწყობა ნაბადისა და მალთაყვის მრავალბინიანი განაშენიანების ეზოებში. აღნიშნული ორი ასპექტის მხრივ ქალაქი არაერთი გამოწვევის წინაშეა: ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებლები, მიგრაცია, ინფრასტრუქტურული პრობლემები ნაბადასა და მალთაყვის უბნებში, მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის ზრდა და სამედიცინო მომსახურების უკმარისობა“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
bpn.ge




