შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკონტეინერო გადასახადი ფოთის პორტის შემდეგ, ბათუმის პორტშიც წესდება და 29 თებერვლიდან ამოქმედდება. შედეგად თითოეული დატვირთული კონტეინერი სახელმწიფოს მხრიდან 30 ლარით დაიბეგრება. ახალი გადასახადით მობილიზებული თანხები ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შევა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადამზიდავი ვალდებულია, მოსაკრებელი გადაიხადოს:
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლით დატვირთულ კონტეინერზე – საქონლით დატვირთული კონტეინერის საზღვაო ნავსადგურიდან გატანამდე ან საზღვაო ნავსადგურში კონტეინერის გახსნამდე (კონტეინერის გახსნის შემთხვევაში);
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლით დატვირთულ კონტეინერზე – სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერის რეგისტრაციამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონტეინერი არ არის სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრირებული – საქონლით დატვირთული კონტეინერის გემზე დატვირთვამდე.
მოსაკრებლის გადახდის შესახებ ინფორმაცია სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს უნდა მიეწოდოს მასთან შეთანხმებული ფორმითა და წესით.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300693195
გადამზიდავი თავისუფლდება მოსაკრებლის გადახდისგან იმ კონტეინერისთვის, რომლითაც:
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა მხოლოდ შემდეგი საქონელი:
· სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით გადაადგილებული საქონელი;
· უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისთვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი საქონელი;
· საქონლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება 2024 წლის 1 თებერვლამდე დაიწყო და რომელიც საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილისა.