ფოთის საჯარო სკოლები დებატების ეროვნულ ტურნირზე დაჯილდოვდნენ

თბილისში, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დებატების ეროვნულ ტურნირზე, ს სამი საჯარო სკოლა დაჯილდოვდა – ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი” ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ტურნირში გამოვლენილი განსაკუთრებული აქტიურობისთვის, მე-5, მე-12 და მე-15 საჯარო სკოლებს სპეციალური თასები გადაეცათ.
ცოტა ხნის წინ, დებატების ტურნირი მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა. ფოთმა, ეიპიემ ტერმინალს ფოთის მხარდაჭერით, წელს პირველად უმასპინძლა დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ტურნირს, სადაც 100-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა.
,,ჩემი სკოლის დებატ-კლუბს უკვე 2 წელზე მეტია რაც შევუერთდი და ის გამოცდილება რაც ამ წლებში დამიგროვდა მართლაც დასაფასებელია. დებატების სკოლამ მომცა შესაძლებლობა განმევითარებინა საკუთარი უნარ-ჩვევები მრავალი კუთხით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დებატების ჩატარების ახალ ლოკაციად ჩემი ქალაქი შეირჩა. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ფოთში დებატების მიმართ ინტერესის გაზრდას, რაც უთუოდ მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ფოთელი მოსწავლეებისთვის,” – განაცხადა ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის N5 საჯარო სკოლის მოსწავლემ საბა ჯობავამ.
ეროვნული ტურნირი გრინ პლანეტისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.
პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის” უკვე არაერთი წელია ხორციელდება გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.