ფოთის საკრებულოს ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია, რომელიც ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვდა, პოსტიდან მოხსნეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ენმ-ს წევრებმა Facebook-გვერდზე ძალა ერთობაშია გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც ენმ-ს მენეჯმენტის მიერ დარეჯან ცხვიტარიას თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენების მიზეზად თავისუფალი აზრის ქონასა და გამოხატვას ასახელებენ.
“ადამიანი რომელიც 2 წელია, მზეში, წვიმასა და ქარში, ზამთარ-ზაფხულ, დილიდან საღამომდე, ზის იქ სადაც მიშაა, ციხესთან, კლინიკა ვივამედთან თუ სასამართლოში – გადააყენეს ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ღირსების, სიმართლის, პრინციპულობის, თავისუფალი აზრის ქონისა და მისი გამოხატვისათვის – პარტიის დღევანდელი მენეჯმენტის შესახებ.
მხოლოდ ზაზა გოროზიას, ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიერ მართულ პარტიაში შეიძლება ეგონოთ სასჯელი, თანამდებობისა და სკამის “ჩამორთმევა”, დარეჯან ცხვიტარიას სკამი დიდი ხანია ვივამედის წინ მდგომი სკამია, არაფორმალურად მართული მენეჯმენტისგან ეს მდაბიო ქმედება კი მის ღირსეულ ბრძოლაში “ღირსების ორდენია””. – წერია განცხადებაში.
ფაქტს გამოეხმაურა თავად დარეჯან ცხვიტარიაც, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას თავისუფალი აზრის გამო დევნიან.
“კომუნისტების დროც მახსოვს და ხუნტის რეპრესიებიც. სამწუხაროდ, ახალი თაობის ბოლშევიკებმა სასჯელი გამომიტანეს თავისუფალი აზრისთვის, პრინციპებისთვის, რომლისთვისაც არც ადრე მიღალატია და არც მომავალში ვუღალატებ. ვაი იმ სამართალს, რომელიც ამბობს, რომ თურმე ჩემი დევნით პარტია მიშას უბრუნდება!” – წერს ცხვიტარია Facebook-პოსტში.
28 ნოემბერს ენმ-ს ფოთის საკრებულოს ფრაქციამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ არსებული მენეჯმენტის პირობებში პარტიის ერთობა შეუძლებელია, რასაც ამტკიცებს მენეჯმენტის ქმედებები ბოლო 10 თვის განმავლობაში. განცხადებას ფოთის საკრებულოს ენმ-ს ფრაქციის 11 წევრიდან ხელს 5 წევრი აწერს – ფრაქციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია, ჟანა ჩაჩავა, პაატა ჩაგანავა, მარიამ უჩანეიშვილი და მიშა ფირცხალავა.