ფოთის პორტში რამდენიმე კერძო ტერმინალს ვაშენებთ – ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაცია

„ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის” ასოციაციის გენერალური მდივნის, გაიდარ აბდიკერიმოვის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის მონაწილეები ამჟამად რამდენიმე პროექტს ახორციელებენ. როგორც მან BMG-ის ბაქოს ოფისთან ინტერვიუში აღნიშნა, ს პორტში რამდენიმე კერძო ტერმინალს აშენებენ, რომლის მიზანი საჭირო პროცესების ოპტიმიზებაა.
„საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის მონაწილეები ამჟამად რამდენიმე პროექტს ვახორციელებთ. ამ შემთხვევაში, საუბარია ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდაზე, განსაკუთრებით მარაბდა-ახალქალაქი-ყარსის მონაკვეთზე, რომლის გამტარუნარიანობას 1 მილიონიდან 5 მილიონამდე ვზრდით. ამჟამად, ყველა საყურადღებო დეტალს ვაწესრიგებთ.
გარდა ამისა, საქართველოში მალე გაიხსნება საუღელტეხილო გზა, რომელიც ქალაქ ხაშურს შემოუვლის. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა ნებისმიერი მატარებლის გატარებაზეც. საქართველო, როგორც იცით, მთიანი ქვეყანაა, სადაც ბევრი აღმართი და დაღმართია, რომლებიც მძიმეტვირთიანი სამანქანო შემადგენლობის გამოყენების საშუალებას გვიზღუდავს. ჩვენი პარტნიორების, განსაკუთრებით საქართველოს რკინიგზის დამსახურებით ამ პრობლემებს ვაგვარებთ.
გარდა ამისა, ფოთის პორტში რამდენიმე კერძო ტერმინალს ვაშენებთ, რომელთა მიზანი ჩვენთვის საჭირო პროცესების ოპტიმიზებაა. ამ დროისთვის, ტვირთების მოცულობის ზრდის მიმართულებით ს პორტი კარგად ვითარდება და ტვირთის დიდი ნაწილი სწორედ ამ პორტს გადის”, – განაცხადა გაიდარ აბდიკერიმოვმა.
ცნობისთვის, 2023 წელს „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით” (TITR ), იგივე შუა დერეფნით, 2.7 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 86%-ით მეტია. ამ დროისათვის ე.წ შუა დერეფნის მარშრუტში 11 ქვეყანაა წარმოდგენილი, 25 კომპანიით. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი იწყება ჩინეთში, გაივლის ყაზახეთს, კასპიის ზღვით გადადის აზერბაიჯანში, გაივლის საქართველოს და თურქეთისა და შავი ზღვის საშუალებით უკავშირდება ევროპის ქვეყნებს.