ფოთის თიზ-ში ₾50 მლნ უზბეკური ინვესტიციით მულტიფუნქციური ტერმინალი შენდება

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უზბეკური ინვესტიციით, 29 ჰა ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სასაწყობე ტერმინალი შენდება.
როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ს თიზ-ის დირექტორმა დავით ებრალიძემ განაცხადა, უზბეკურ ჯგუფთან, რომლის ვინაობის დასახელებისგან ჯერ თავს იკავებს, მოლაპარაკებები 1 წელი მიმდინარეობდა.
მისივე ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, ₾50 მილიონია და ჯამურად, 80-100 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.
„პროექტი რამდენიმე ფაზად განხორციელდება – პირველ ფაზის ფარგლებში მოეწყობა 1000 ტონა ტევადობის გაყინული პროდუქტის საწყობი, მეორე ეტაპზე – 5000 კვ.მ გენერალური ტვირთების დახურულ საწყობი, მესამე ფაზის ფარგლებში კი 8000 კვ.მ ფართობის ნაყარი ტვირთების დახურული საწყობი და ასევე, არაგაბარიტული და საკონტეინერო ტვირთების ტერმინალი. ამჟამად უკვე ჩატარებულია ტოპო/გეოდეზიური სამუშაოები; მომზადების ფაზაშია პროექტის გენერალური სქემა და შესაბამისი საპროექტო/სამშენებლო დოკუმენტაცია. ასევე, მზადდება საინჟინრო/გეოლოგიური კვლევა“, – განაცხადა თიზ-ის დირექტორმა და იქვე დასძინა, რომ სამუშაოებს ადგილობრივი ქართული კონტრაქტორი/კომპანიები ასრულებენ.
დავით ებრალიძის თქმითვე, სასაწყობე ტერმინალში ტვირთები ძირითადად შემოვა უზბეკეთიდან და ექსპორტზე გავა ევროპაში. ასევე, უკუმიმართულებითაც, ევროპული საქონელი ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ძირითადად, უზბეკეთში გაიგზავნება.