ფოთის განაშენიანების ახალ გენერალურ და განაშენიანების გეგმაზე, ასევე, მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმის რევიზიაზე და განახლებაზე ამხანაგობა „სითი სტუდია 9“ მუშაობს.
“სითი ინსტიტუტის” პროექტის კოორდინატორი და ურბანისტი ანდრო ქორთუა ამბობს, რომ ამ დროისთვის ქალაქის გენერალური გეგმის კვლევით ნაწილზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც 30 მაისს უნდა დასრულდეს. მისი თქმით, ამის შემდეგ დაიწყება უშუალოდ კონცეფციაზე მუშაობა.
ქორთუას თქმით, ქალაქში დეველოპერების ინტერესი ძირითადად მალთაყვის ტერიტორიაზე მოდის, თუმცა ასევე დიდია ინტერესი საპორტო ნაწილშიც, სადაც მაღალია ლოგისტიკური სატერმინალო განვითარების ინტერესები. მისი გათვლებით დოკუმენტზე მუშაობას 1 წელზე მეტი დრო დასჭირდება.
“ფოთის გენგეგმის კვლევითი ნაწილი თვის ბოლოს სრულდება. დეველოპერული ინტერესი რაც წლების განმავლობაში ტრიალებს არის მალთაყვის ტერიტორიაზე – ეს წმინდა სამშენებლო პოტენციალის კუთხით. მეორე არის პორტის მხარე, სადაც ლოგისტიკური და სატერმინალო ინტერესებია.
ყველაზე დიდი გამოწვევა რაც ფოთს გააჩნია, არის ის რომ ფაქტობრივად იმხელა აქტორები ჰყავს ირგვლივ, როგორებიც არის პორტი და მასზე მიბმული ინფრასტრუქტურა და აქეთ კოლხეთის ეროვნული პარკი, რომ ამ ტერიტორიებთან მიმართებაში მჭიდრო კავშირები არ გააჩნია. გამოდის, რომ ამ აქტორებით არის გარშემორტყმული ქალაქი, რომელიც დამოუკიდებლად არსებობს.
კვლევითი ეტაპის მიზანია, გარკვეული სექტორების იდენტიფიცირება მოვახდინოთ, რომლებიც წარმოადგენს კონკრეტულ უპირატესობას შავი ზღვის რეგიონში და ამის საფუძველზე შევიმუშაოთ ხედვა, რომელიც დასრულებული იქნება ივლისში. შემდეგ იქნება კონცეფცია და პროექტი შესამუშავებელი. აქედან 1 წელი უნდა ავთვალოთ პროექტის სრულად დასრულდებამდე, თუმცა უფრო რეალური შემდეგი წლის შემოდგომაა,”- აცხადებს სითი ინსტიტუტის პროექტის კოორდინატორი და ურბანისტი ანდრო ქორთუა.
