ფიშერმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა – “გადაგამისამართებთ 33 საელჩოს განცხადებისკენ”

საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა. ის საგარეო უწყებამ დღეს, 24 სექტემბერს დაიბარა.

პეტერ ფიშერმა შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრა.

“სანამ შევიდოდი, განცხადება გავაკეთე და ასევე გადაგამისამართებთ 33 საელჩოს განცხადებისკენ”, – თქვა მან ინტერპრესნიუსის ცნობით.

გერმანიის ელჩმა სამინისტროში შესვლამდე განაცხადა, რომ მისი დაბარება დიპლომატიური სანქციის ფორმაა.

“ეს უჩვეულოა მეგობრულ სახელმწიფოებს შორის. საქართველოს ისტორიაში საგარეოში გერმანიის ელჩი პირველად დაიბარეს. შევალ და მოვისმენ, რას გადმომცემენ.

მაგრამ, ასევე მტკიცედ უარვყოფ უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს, რომლებიც გაკეთდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და სხვა ელჩების მიმართ.

მე დავგმობ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის არსებულ კურსს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობას“ – თქვა ფიშერმა შესვლამდე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გერმანიის ელჩს განემარტა, რომ ვენის კონვენციის შესაბამისად, “მას აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში”.

“შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას” – ნათქვამია ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყება ასევე გამოეხმაურა 24 სექტემბერს ევროკავშირისა და 26 ქვეყნის საელჩოების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, რომლითაც საელჩოები უარყოფენ ივანიშვილის რეჟიმის ბრალდებებს ელჩებისადმი, თითქოს ისინი ახალისებენ ძალადობას და არღვევენ ვენის კონვენციას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პეტერ ფიშერთან განცხადებაც განიხილეს და “დაინტერესდნენ გამოხატული შეშფოთების  საფუძვლებით”.

“ქართული მხარე დაინტერესდა გერმანიის საელჩოს მიერ გამოხატული შეშფოთების  საფუძვლებით, სიძულვილის ენას გაღვივებისა და დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საელჩოს ოფიციალურად ეთხოვა, წარმოედგინა აღნიშნული შეშფოთების კონკრეტული დასაბუთება, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა და შესაბამისად, ქართული მხარე მსგავს ბრალდებებს მიიჩნევს ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმის მორიგ მცდელობად.

საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად მის წინააღმდეგ განხორციელებული მიზანმიმართული კამპანიებისა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და უფრთხილდება ურთიერთობებს და მიაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები აზიანებს ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების საქმიანობა მომავალში ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის პრინციპებს დაეფუძნება”. – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ივანიშვილის წარმომადგენლები ევროკავშირისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების ელჩებს ელჩი ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერაში არაერთხელ ადანაშაულებენ. მაგალითისთვის, პაპუაშვილმა კალაძის ტიტუშკების მიერ მოწყობილ ძალადობაშიც პეტერ ფიშერის ბრალეულობა დაინახა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთევან ქვარცხავა: ჩვენი მიზანია ადვოკატთა ასოციაციის სისტემური ტრანსფორმაცია, რათა შევქმნათ გარემო, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება გამჭვირვალედ, პროფესიონალების მიერ, კოლეგიალურად და არა ერთპიროვნულად