ფიშერი: ჩვენ გვსურს უვიზო რეჟიმის შენარჩუნება, შემდეგი ნაბიჯი დამოკიდებულია საქართველოზე

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული.

ფიშერის თქმით, დააკვირდებიან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, იქნება თუ არა ქვეყანა მეგობრული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ, როგორ დაიცავს ადამიანის უფლებებს.

დიპლომატი აღნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლა პრივილეგიაა და არა უფლება.

“კომისია ვიზის მიღების ვალდებულების სტატუსს ყოველწლიურად განიხილავს და ვფიქრობ, სწორედ გასულ წელს იყო, როდესაც ის მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველო არღვევს ზოგიერთ საორიენტაციო მაჩვენებელს, რომელზეც ორივე მხარე შევთანხმდით, რომელსაც ორივე მხარე შევუერთდით და აქედან გამომდინარე, შედეგად ვფიქრობ სწორედ ახლა მიიღება ფორმალური გადაწყვეტილება, რომ უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეთ საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისა და ოფიციალურ პასპორტების მქონე პირებს. შემდეგი ნაბიჯი დამოკიდებულია საქართველოზე და არა ჩვენზე.

ჩვენ კვლავ გადავხედავთ საორიენტაციო მაჩვენებლებს, რომლებიც არის ჩვენს ორმხრივ შეთანხმებაში და ყველაფერი დამოკიდებული იქნება საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის იმაზე, ვიქნებით თუ არა მეგობრულები ერთმანეთის მიმართ და იმაზე, იქნება თუ არა დაცული ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში. საბოლოოდ, ევროკავშირში მოგზაურობა უვიზოდ არის პრივილეგია და არა უფლება.

ვიზის მოთხოვნა სასჯელი არ არის. ასეთ შემთხვევაში ჯერ ისევ შესაძლებელია მოგზაურობა, უბრალოდ, განაცხადი უნდა შეიტანოთ ვიზისთვის. ქვეყნების დიდ ნაწილს უწევს ვიზისთვის დარეგისტრირება, თქვენც გჭირდებათ ვიზაზე დარეგისტრირება ბევრი ქვეყნის შემთხვევაში. ვიზისთვის დარეგისტრირება სამყაროს დასასრული არ არის”. – თქვა ფიშერმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე როგორი იქნება გერმანიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ფიშერი ამბობს, რომ მათ სურთ უვიზო რეჟიმის შენარჩუნება.

“დამოკიდებული იქნება იმაზე, რა შეფასება გვექნება იმ დროისთვის, მაგრამ ჩვენი საბაზისო პოზიცია არის, რომ ჩვენ გვსურს უვიზო რეჟიმის შენარჩუნება, მეგობრობის შენარჩუნება, გვსურს, რომ ჩამოხვიდეთ გერმანიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, გააკეთოთ თქვენი საქმე, როგორც ამას ახლა აკეთებთ. ქართველებს ყოველთვის გელიან ევროკავშირში, ეს არც უნდა იყოს განხილვის საგანი, თქვენ კანდიდატის სტატუსი გაქვთ, ცხადია, რომ გელიან ევროკავშირში, გვსურს რომ წევრი იყოთ”. – თქვა ფიშერმა.

წყარო