ფიქსირებული ინტერნეტი დამატებით 30 სოფელში შევიდა და ჯამში 2571-შია ხელმისაწვდომი – ComCom

კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებების პენეტრაცია შინამეურნეობებზე 99.4%-ს შეადგენდა.
რეგიონების მიხედვით, შინამეურნეობებზე ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ყველაზე მაღალი პენეტრაციის მაჩვენებელი კვლავ აჭარაში იყო და 146%-ს უტოლდებოდა. აჭარის შემდეგ, 140%-ით წარმოდგენილი იყო თბილისი. 101%-ით სამცხე-ჯავახეთი, 88%-ით ქვემო ქართლი და 86%-ით მცხეთა-მთიანეთი. რაც შეეხება შიდა ქართლს, აქ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას შინამეურნეობების 75% მოიხმარდა. 68%-ით იყო წარმოდგენილი იმერეთი, 67%-ით – კახეთი, ხოლო 63%-ით სამეგრელო-ზემო სვანეთი. გურიის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 62%-ს უტოლდებოდა, რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში კი – 24%-ს შეადგენდა.
2024 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში. რაც შეეხება სოფლებს, საქართველოში სულ 3385 სოფელია, საიდანაც 2571-ში აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 30 სოფლით მეტია.