ფიქრეტ სადიხოვი – აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს დღეს არსებულ დაძაბულ ვითარებას რუსეთის ხელმძღვანელობა

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დაძაბულობის მიზეზებზე, ასევე იმაზე, მომხდარი, სავარაუდოდ, როგორ აისახება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და დიპლომატს, ფიქრეტ სადიხოვს ესაუბრა.
– ბატონო ფიქრეტ, ქალაქ ეკატერინბურგში აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ ს სამართალდამცავების სპეცოპერაციის შედეგებზე ბევრი ითქვა რუსეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებების წარმომადგენლების მხრიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ემოციური ფონი საკმაოდ მძიმე, მეტ-ნაკლებად შესაძლებელია ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის შედეგებზე საუბარი. თქვენი დაკვირვებით, მომხდარის პოლიტიკური შედეგები სავარაუდოდ, როგორია?
– მოვლენები უცნაური სცენარით განვითარდა ქალაქ ეკატერენბურში, ამიტომ, მომხდარის შედეგებზე საუბარი არ შეიძლება იყოს. მომხდარიდან მთავარი შედეგი ისაა, რომ ორ სახელმწიფოს შორის დაძაბულობა მკვეთრად გაზრდილია.
ამ სერიოზულმა დაძაბულობამ უკვე მიგვიყვანა იქამდე, რომ რუსეთში დაპატიმრებებს დაკავებები მოჰყვა აზერბაიჯანშიც. განსხვავება იმაშია, რომ აზერბაიჯანმა დააკავა მოქალაქეები, რომლებიც აზერბაიჯანში ლიცენზიისა და ჟურნალისტური საქმიანობის ნებართვის გარეშე ეწეოდნენ ჟურნალისტურ საქმიანობას.
ის რიტორიკა, რომელიც ჩვენ რუსულ მედიაში გვესმის აზერბაიჯანის მიმართ, კიდევ უფრო ამწვავებს და აღრმავებს ქვეყნებს შორის ისედაც გართულებულ ურთიერთობებს. რასაც რუსული მედია ეკატერინბურგში მომხდარზე ამბობს, ტყუილი, ცილისწამება და სიმართლის ფალსიფიკაციაა, მაგრამ, ჩვენ მათ ადეკვატურად ვპასუხობთ.
– აზერბაიჯანმა ბაქოში 2 რუსული ეფ-ეს-ბეს აგენტი დააკავა. თქვენი აზრით, აზერბაიჯანში კიდევ ბევრი რუსეთის აგენტი საქმიანობს? ანუ, დასაკავებელთა სია დიდია?
– (იცინის) რუსეთის აგენტები არ დამითვლია. დარწმუნებული ვარ აზერბაიჯანში ისინი არიან. ფორს-მაჟორულ სიტუაციებში ხდება მათი გამოვლენა.
ის, რომ აზერბაიჯანში რუსული საინფორმაციო სააგენტოს საფარ ქვეშ ეფ-ეს-ბეს აგენტები საქმიანობდნენ იმაზე მეტყველებს, რომ რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები აზერბაიჯანში კიდევ ბევრ სფეროებში საქმიანობენ.
როგორც ჩანს, სამწუხაროდ, მათ აზერბაიჯანში საკმაოდ დიდი ქსელიც აქვთ და მონაწილეობენ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
– მომხდარზე რუსეთის მხრიდან მოსმენილი განმარტებები დამაჯერებლად აშკარად არ გამოიყურება.
რა შეიძლება ყოფილიყო ეკატერინბურგში აზერბაიჯანელ მოქალაქეებზე რუსი სამართალდამცავების მხრიდან გამოვლენილი სისასტიკის მიზეზი?
– აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ გაჟღერებული ბრალდებები სასაცილოა. დაკავებულთა ერთ ნაწილს ბრალს სდებენ იმაში, რომ მათ თითქოს 25 წლის ჩაიდინეს დანაშაული.
– ერთის მოქალაქის წინააღმდეგ ამგვარმა ბრალდებამ კი გაიჟღერა, მაგრამ, ასეც რომ იყოს, ამდენი ხალხის დაკავება, რომლებიც 25 წლის წინ დაბადებულების არ იყვნენ, გაუგებარია რა საჭირო იყო?
– ისინი არა მარტო დააკავეს, ორი მოკლეს, 8 ადამიანს მიაყენეს მძიმე დაზიანებები. ახალგაზრდა ქალი იატაკზე თმებით ათრიეს. ამგვარი ბარბაროსული დაკავება არც ადამიანურ და ცივილიზებულ ურთიერთობებში არ ჯდება და არც ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და კავშირებში.
რაც შეეხება მომხდარის მიზეზებს. ბოლო თვეებია რუსეთში უკმაყოფილებას გამოთქვამენ აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკური კურსის გამო. საგარეო ასპარეზზე აზერბაიჯანს საკმაოდ თავშეკავებული, მაგრამ აშკარად არა პრორუსული პოზიცია აქვს. ეს ეხება არა მხოლოდ -რუსეთის ომს, არამედ ნატოს მიმართ აზერბაიჯანის დამოკიდებულებას. ნატოს თემაზე მოსკოვსა და ბაქოს ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულებები და პოზიციები აქვთ.
მხედველობაში მაქვს ის, რომ აზერბაიჯანი ნატოს ღონისძიებებში აქტიურად იღებს მონაწილეობას. შესაძლოა იმის გამოც იყო მოსკოვი გაღიზიანებული, რომ რეგიონში აზერბაიჯანი საკმაოდ ანგარიშგასაწევი ქვეყანა გახდა. როგორც ჩანს, ეს რუსეთს აღიზიანებს და ავლენს სურვილს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის პრესტიჟსა და გავლენას ავნოს იმით, რომ თითქოს რუსეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული დამნაშავე დაჯგუფებები არსებობენ.
ყველაფერი ეს ვნებს რუსეთ-აზერბაიჯანის ორმხრივ ურთიერთობებს და იმასაც, რომ სახელმწიფოებს შორის ხელმოწერილია უამრავი შეთანხმებები ურთიერთსასარგებლო პარტნიორულ ურთიერთობებზე. ხელმოწერილი შეთანხმებებით სამართლებრივი საფუძველია შექმნილი ქვეყნებს შორის დინამიკურად ვითარდებოდეს ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები.
– გასული წლის დეკემბერში რუსეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შემდეგ ბაქო მოსკოვისაგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა. ამის მსგავსი არაფერი მომხდარა.
რჩება შთაბეჭდილება რომ ქვეყნის პირველ პირებს შორის დაუძლეველი წყენების შემდეგ მოხდა ის, რაც ეკატერინბურგში მოხდა. მიზეზი ესეც ხომ არ შეიძლება ყოფილიყო?
– არ გამოვრიცხავ რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავის ავიაკატასტროფა ყოფილიყო ეკატერინბურგში მომხდარის საბაბი. ამის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ, გაუგებარია რაშია დამნაშავე აზერბაიჯანი? იმაში, რომ ავიაკატასტროფის შედეგად რამდენიმე ათეული აზერბაიჯანის მოქალაქე დაიღუპა? აზერბაიჯანული თვითმფრინავი დააზიანეს რუსეთის ტერიტორიაზე და რუსებს ისიც არ უღიარებიათ, რომ ეს ავიაკატასტროფა მათი მიზეზით მოხდა?
ასეთ შემთხვევაში ის ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც ხდება ამგვარი შემთხვევა დაღუპულების ოჯახებს კომპენსაციას უხდის. ასეთია საერთაშორისო პრაქტიკა. რუსეთის ასეთ ქცევაზე აზერბაიჯანი პასუხი ხისტი იყო – ჩვენ ბაქოში დავხურეთ „რუსული სახლი“, გავაუქმეთ აზერბაიჯანში რუსული თეატრალური კოლექტივების გასტროლები. აზერბაიჯანი რუსეთისაგან აზერბაიჯანელი თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით გონივრულ პასუხს მოითხოვს. დიახ, არაა გამორიცხული რომ ავიალაინერის კატასტროფამაც გარკვეული როლი შეასრულა ეკატერინბურგში მომხდარზე.
– ეკატერინბურგში მომხდარზე სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ არც ისაა გამორიცხული ამის მიზეზი ის იყოს რომ რუსეთში სულ უფრო მძიმდება ეკონომიკური ვითარება.
დამძიმებული ეკონომიკური ვითარების პირობებში რუსეთის დიდ ქალაქებში ბაზრების წარმატებულ ბიზნესებს აზერბაიჯანელი მოქალაქები ამუშავებენ 90-იანი წლებიდან მოყოლებული.
ხომ არ შეიძლება ეკატერინგურგში მომხდარი ბიზნესში სფეროების გადანაწილებისთვის ბრძოლას უკავშირდებოდეს, ან მისი ნაწილი იყოს?
– დიახ, ასეა, ბაზრის ბიზნესებს რუსეთის ბევრ ქალაქებში აზერბაიჯანელები ამუშავებენ. ეს ბაზრები მოქალაქეებს უზრუნველყოფენ პროდუქტებით, ბოსტნეულით და ხილით, ასევე პირველადი მოხმარების საგნებით.
თუ ამან შეაწუხა რუსები, მაშინ მათ ეს უნდა თქვან სახელმწიფო დონეზე და შეიძლება ეს პრობლემაც გადაწყდეს და თემა დაიხუროს. მაგრამ, ის რომ აზერბაიჯანლები ბაზრებს ამუშავებენ ხომ არ შეიძლება იყოს იმის საბაბი რომ ადამიანები ასე ბარბაროსულად დააკავონ, სცემონ და მოკლან?
რუსული ომონის რეიდი ეკატერენბურგის ბაზარში სისასტიკითა და ბარბაროსობით გამორჩეული რომ იყო, ფაქტია.
– დრო და დრო გვიწევს რუსულ საინფორმაციო-პროპაგანდისტულ არხებს ვადევნოთ თვალი. რუსეთის ქალაქებში აკავებენ არარუსი ეროვნების რუსეთის მოქალაქეებს და უკრაინა-რუსეთის ომში ერეკებიან. გვახოვს ისტორია, რომელიც ტაჯიკებს უკავშირდებოდა და ასე შემდეგ.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ეკატერინბურგში ვიღაცას აზრად მოუვიდა რუსეთის მოქალაქე აზერბაიჯანელების უკრაინის ფროტზე გასამწესებლად საფუძვლებისა თუ წინაპირობების შექმნა?
– არც ეს მიზეზი შეიძლება იყოს გამორიცხული. თუმცა, თუ აზერბაიჯანლებს რუსეთის მოქალაქეობა აქვთ და ომში გაწვევის ასაკიც აქვთ, რა თქმა უნდა, უნდა წავიდნენ კომისარიატებში და შემდეგ ომშიც მიიღონ მონაწილეობა,
მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, ისინი კომისარიატებმა უნდა გამოიძახონ და სახლებში საცემად კი არ უნდა შეუვარდნენ. რუსეთში წლებია ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, იქ საქმიანობენ და თავისი წვლილი შეაქვთ რუსეთის ეკონომიკურ განვითარებაში. ვიმეორებ, ვისაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული, მათ, რა თქმა უნდა, უნდა მოიხადონ თავისი მოქალაქეობრივი ვალი იმ ქვეყნის წინაშე, რომლის მოქალაქეებიც არიან.
– დაახლოებით რამდენი აზერბაიჯანელი ცხოვრობს ახლა რუსეთში?
– რუსეთის ტერიტორიაზე დარეგისტრირებულ აზერბაიჯანელთა რიცხვი განსხვავდება იმ აზერბაიჯანელთა რიცხვისგან, ვინც რეალურად ცხოვრობს რუსეთის ტერიტორიაზე.
ოფიციალური მონაცემებით რუსეთში 2-3 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, არაოფიციალური მონაცემებით კი გაცილემით მეტი. სამწუხაროდ, ზუსტი სტატისტიკა როგორია, ამის თქმა ჭირს.
– თქვენი აზრით, ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული დაძაბული ვითარება, სავარაუდოდ, როგორ აისახება აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ურთიერთობებზე?
– აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს დღეს არსებულ დაძაბულ ვითარებას რუსეთის ხელმძღვანელობა.
თუ რუსეთის ხელმძღვანელობა ეკატერენბურგში მომხდარს გამოიძიებს, დაშვებულ შეცდომებს აღიარებს, გასაგებად აგვიხსნის თუ რატომ მოქმედებდნენ ასე სასტიკად და დაუნდობლად რუსეთის სამართალდამცავები, მაშინ შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ მომხდარ ინციდენტს მოკლევადიანი შედეგები ექნება.
თუ ასე არ განვითარდა მოვლენები, რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში დაძაბულობა საკმად დიდხანს გაგრძელდება და ორი ქვეყნის პერსპექტივაზეც აისახება.
– ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ტრადიციასა და ქცევაში რამეზე ბოდიშის მოხდის შემთხვევა არც კი მახსენდება…
– საქმე ბოდიშის მოხდაშიც არაა. მათ შეუძლიათ იმ ფაქტებისა და დამაჯერებელი არგუმენტების მოყვანა და დასახელება, რაც ჩვენ დაგვარწმუნებდა იმაში, რომ რუსეთში მცხოვრები აზერბაიჯანელები დამნაშავე არიან ჩადენილ ქმედებეში. მათ შორის იმაში, რაც 25 წლის წინადელ შემთხვევას ეხება.
ჩემი აზრით, რუსული მხარე ამგვარი მასალების წარმოდგენას ვერ შეძლებს. დღეს ვითარება იმდენად დაძაბულია, ემოციები, რა თქმა უნდა, ჭარბობს, და ძნელია იმის თქმა, ახლო მომავალში რა პერსპექტივაში იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობებს.
ჩვენ დღეს მხოლოდ შეგვიძლია იმაზე საუბარი, მომხდარის გამო რა ხდება და როგორი სიტუაციაა ჩამოყალიბებული. დღეს რუსეთ-აზერბაიჯანის გრძელვადიანი ურთიერთობების პერსპექტივაზე საუბარი, საკმაოდ რთულია.
ყოველ შემთხვევაში ცხადია ერთი რამ – აზერბაიჯანი არასდროს არ ყოფილა დაინტერესებული რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების გაუარესებასა და გაფუჭებაში.
– ამ მოვლენების დაწყებამდე ბაქოში ვიზიტად იმყოფებოდა ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში კაია კალასი.
იგი ვიზიტად იმყოფებოდა ბაქოსა და ერევანში. იმის გამო რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ახლა საკმოად დაძაბული ურთიერთობებია, ევროკავშირის სტრუქტურებს შეზღუდული ურთიერთობები აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან, ევროკომისარი თბილისში არც ჩამოსულა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ევროსტრუქტურების მიმართ თავისი კრიტიკული დამოკიდებულება არა ერთხელ გამოუთქვამს. აზერბაიჯანი არც ევროკავშირში და არც ნატოში არ აპირებს გაწევრიანებას, თუმცა, ევროპასთან ეკონომიკურ საკითხებში აქტიურად თანამშრომლობს.
თქვენი ინფორმაციით, კაია კალასის ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებზე იყო მსჯელობები, თუ, რაიმე სიახლეც შეიძლება იყო?
– კაია კალასის ვიზიტის ფარგლებში ბევრ საკითხებზე იქნებოდა საუბრები, მათ შორის პოლიტიკურ საკითხებში ურთიერთობებზე. სხვათა შორის, აზერბაიჯანს ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა არასდროს გაუწყვეტია.
აზერბაიჯანს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს ევროპარლამენტთან, რომელიც აზერბაჯანის წინააღმდეგ რეზოლუციებს იღებს და გვაკრიტიკებს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევაში, ყარაბაღში სომეხი ეროვნების მოქალაქეების არა მარტო უფლებების დარღვევაში, არამედ გენოციდში.
ევროკავშირი ყოველთვის იყო დაინტერესებული აზერბაიჯანთან ურთიერთობებით. აზერბაიჯანი აქტიურადაა ჩართული ევროპის ენერგეტიკულ პროექტებში, ასევე პოლიტიკურ პროექტებში. აზერბაიჯანს ევროკავშირთან პოლიტიკურ ურთიერთობებში კარი არასდროს დაუხურავს.
ვიცი რომ კაია კალასი გონიერად მოაზროვნე პოლიტიკოსია და გაგებით ეკიდება ბევრ ისეთ პრობლემას, რომელიც ევროკავშირ-აზერბაიჯანს შორის ორმხრივ ურთიერთობას და საკუთრივ აზერბაიჯანში არსებულ სიტიაციას უკავშირდება.
დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებზე კონსულტაციები და მსჯელობები სასიკეთო შედეგებს მოუტანს ორივე მხარეს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი